საქართველოს საკათბურთო ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ სპორტის სასახლეში NBA-ს საჩემპიონო თასი ქართველ გულშემატკივარს წარუდგინა. ღონისძიებას მრავალი საპატიო სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი.
დასაწყისში “გოლდენ სტეიტის” ცენტრმა თავისი განვლილი კარიერა გაიხსენა და თითოეულ მწვრთნელს მადლობა გადაუხადა. ასევე იმ კალათბურთელებს, რომლებიც ზაზასთან ერთად ირჯებოდნენ და ირჯებიან დღემდე, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე.
33 წლის კალათბურთელმა სპორტის სასახლეში შეკრებილ აუდიტორიას უთხრა, რომ კალათბურთი დედამ შეაყვარა, რადგან ისიც კალათბურთელი გახლდათ და აღნიშნა, რომ მის განვითარებაში დედას დიდი როლი უჭირავს.
ზაზამ თავის შესავალში 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და ის მეომრები მოიგონა, რომლებიც რუსეთთან ბრძოლას შეეწირნენ.
“დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ალბათ მეტყობა რომ ვღელავ და ეს ბუნებრივია. მინდა გავიხსენო 2008 წლის 7 აგვისტო და ომში დაღუპული მეომრები მოვიგონო. ამ თასით ისე ვერ ვამაყობ, როგორც იმ ბიჭებით, რომლებიც ჩვენ ქვეყანას იცავდნენ.
რამდენიმე თვე ველოდებოდი დღევანდელ დღეს. ჩვენ დამსახურებულად მოვიგეთ. ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები იქ იყვნენ. იქ იყო “უორიორზის” მილიონნახევარი გულშემატკივარი, სადამ მე სიტყვით გამოვედი, თუმცა ახლა უფრო ვღელავ, რადგან ჩემი ხალხის წინაშე ვარ. ნამდვილად არ იყო ეს წელი ადვილი. ვინც თვალყურს ადევნებდით ალბათ იცით, რომ ძალიან ბევრი კრიტიკა მოყვა ამ ყველაფერს. როდესაც საჩემპიონო გუნდში თამაშობ ეს არის ერთ-ერთი ნაწილი. ამას უნდა შეეგუო და ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა იყო. უნდა აკეთო ის, რაც გიყვარს. დაუღალავი შრომისა და ბევრი მოგების შემდეგ 12 ივნისს ჩვენ გავხდით ჩემპიონები. მივიღე ეს თასი და ყველაფერი დამავიწყდა, მხოლოდ ის მახსოვდა, რომ მე ვიყავი მსოფლიოს ჩემპიონი და მივხვდი, რომ კრიტიკამ სწორ გზაზე დამაყენა. ამ თასს ვერავინ ვერ წამართმევს. ეს თასი არის ჩვენი, ქართველების. თქვენი გულშემატკივრობის გარეშე ეს ყველაფერი არ მოხდებოდა და არ მინდა იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ წლევანდელი ამბავია. ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც პირველად მივედი 9 წლის ასაკში ზურა სამხარაძესთან.
“მე თქვენთან მოვედი პატარა ბავშვი, დიდი ყურებით (იღიმის) თქვენ მასწავლეთ მე ყველაფერი. ჩვენ ერთად 5 წლის განმავლობაში ავაშენეთ ის ფუნდამენტი, რომელიც დღემდე მომყვება”, - თქვა ზაზამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის წევრებიც: საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და მერობის კანდიდატი კახი კალაძე.
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზაზას ეს დიდი წარმატება მიულოცა და ევრობასკეტზე წარმატება უსურვა.
“მადლობა ამ სიხარულისთვის იმ დამოკიდებულებისათვის, რომელსაც ვგრძნობთ თოთოეული შენი წარმატების შემდეგ. შენ ყველა წარმატებას უძღვნი შენს სამშობლოს. შენი წარმატება არის უდიდესი შთამაგონებელი ძალა საქართველოსთვის. განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ეს პირადი მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის. ყველაზე დიდი და კონკურენტული ლიგის ჩემპიონობა ქართველისთვის შესაძლებელი გახდა. ამას წინ უძღვოდა უდიდესი შრომა, მიზანმიმართულობა და ჩვენს მიერ მრავალი გატეხილი ღამე შენი წარმატების მოლოდინში. ყველას გვახსოვს 129:120, რომლის შემდეგაც ქართული დროშა აფრიალდა “გოლდენ სტეიტის” თავზე. საქართველო არის ახალი წარმატებების მოლოდინში, როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო დონეზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევრობასკეტზე დიდ წარმატებას მიაღწევთ”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
გილოცავთ ზაზა! ასე ქართულად დაიწყო თავისი სიტყვა ამერიკის ელჩმა საქართველოში - იან კელიმ. მან ზაზას ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ნაკრებსა და “გოლდენ სტეიტში” ჩადებული შრომისათვის.
“გოლოცავთ ზაზა! მინდა მივულოცო ჩემპიონს, მადლობა იმისათვის, რომ ჩამოიტანეთ საქართველოში ეს ულამაზესი თასი. თქვენ უჩვენეთ ქართველებს, რომ შეგიძლია მიაღწიო იმას, რაც თქვენ გააკეთეთ და თუ როგორ უნდა იყო წარმატებული. მადლობა ,რომ ამ ყველაფერს აკეთებ შენი ქვეყნისათვის და ასევე ამერიკისთვის. მადლობა, რომ ხარ ზაზა” – განაცხადა იან კელიმ.
ზაზას გუნდურად მიულოცა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყველა წევრმა. თორნიკე შენგელიამ კი დაამატა, რომ თითოეული ქართველი სპორტსმენის წარმატება, საქართველოს წარმატებაა.
“გილოცავ ძმაო. როგორც შენი, ასევე ჩვენი და მთელი ქვეყნის წარმატებაა ეს. ასეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ყველაფერი რაც პირველად ხდება, მითუმეტეს სპორტში ძალიან სასიხარულოა და დიდი წარმატებაა. უნდა ვიამაყოთ ყველამ, რომ დღეს ეს თასი საქართველოში ჩამოვიდა”, - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.
გარდა ამისა, ფაჩულიას “გოლდენ სტეიტ უორიორზის” თანაგუნდელებიც გამოეხმაურნენ: სტეფ კარი, დრეიმონდ გრინი და შონ ლივინგსტონი. სამივემ აღნიშნა, რომ მათთვის დიდი პატივია ზაზას გვერდით თამაში და NBA-ს ჩემპიონობა არამარტო მას, არამედ სრულიად საქართველოს მოულოცეს.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიამ NBA-ს საჩემპიონო ტიტული 12 ივნისს მოიგო და 6 აგვისტოს თასი საქართველოში ჩამოიტანა. “გოლდენ სტეიტის” ცენტრი საქართველოს პრეზიდენტისგან კალათბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. რაც შეეხება ნაკრებს – ზაზა 8 გვისტოს გუნდს შეუერთდება და 2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებს.