საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ პრესკონფერენცია გამართა. 33 წლის მოთამაშემ ნაკრებზე და მოახლოებულ ევრობასკეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს წარმატების მისაღწევად.
ზაზამ ვიქტორ სანიკიძის დანაკლისზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მისი შეცვლა ადვილი არ იქნება, თუმცა მწვრთნელის და იმ კალათბურთელების იმედი აქვს, რომლებიც ამ ტურნირზე გაირჯებიან.
ისაუბრა ასევე აკადემიაზე და თქვა, რომ მისი მიზანია აკადემიიდან მოთამაშეები NBA-ში გაუშვას.
“ვფიქრობ, გამოცდილება საკმაოდ მივიღეთ წინა სამი ჩემპიონატისგან, თუნდაც ლიტვასთან გუშინდელი გამარჯვება. ეს ადასტურებს, რომ ნებისმიერი დონის გუნდთან შეგვიძლია თამაში და დამარცხება. მთავარია, ჩვენს თავში დარწმუნებულები ვიყოთ და ისე გავიდეთ სათამაშოდ. სხვათა შორის, ოჯახში ვლაპარაკობდით, რომ ერთ წელს ნბა-ს და ევროპის ჩემპიონობა იქნება სასწაული. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არაა, პირიქით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ ევრობასკეტზე.
საქართველოს ნაკრებმა 2-3 კვირის წინ დაიწყო შეკრება. მე საპატიო მიზეზი მქონდა და ვთხოვე სამწვრთნელო შტაბს რომ მოეცათ უფლება ვყოფილიყავი ჩემს ოჯახთან ერთად. საქართველოში დღეს ჩამოვედი და ხვალიდან უკვე გუნდს შევუერთდები. ევროპის ჩემპიონატზე უკვე მეოთხედ მოვხვდით ზედიზედ და ალბათ ისიც გამოსარჩევია, რომ ორჯერ გავედით ჯგუფიდან და წინა ჩემპიონატზე ძალიან ახლოს ვიყავით, რომ მეოთხედფინალში გავსულიყავით. ახლა ალბათ მაქსიმუმზე უნდა ვიფიქროთ – ჯგუფიდან გასვლაზეც, მეოთხედფინალშიც და მედლებზე ბრძოლისთვის. ეს რთული იქნება, მაგრამ თუ ამის გჯერა, იშრომებ, მოედანზე ყველაფერს დადებ, გამორიცხული არაფერია. სიტყვებს ჰაერზე არ ვისვრი და მჯერა ამ ყველაფრის. ასეთი შემართებით მივდივართ ევროპის ჩემპიონატზე. რაც შეეხება ვიქტორ სანიკიძეს – ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებში მისი შეცვლა ძალიან რთულია. შეუცვლელი ნამდვილად არავინაა, მაგრამ რაც მას მოჰქონდა ჩვენი გუნდისთვის ძალიან რთულია რომ შევცვალოთ. მაგრამ ძალიან კარგი მწვრთნელები გვყავს, მოთამაშეები და ყველაფერს გავაკეთებთ, ეს დანაკლისი რომ შევავსოთ. ვიქტორს კი ვუსურვებ, რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს, რადგან ასეთ ასაკში ტრავმის მიღება ძალიან ცუდია. ილიას ზუროსზე ცუდი როგორ უნდა ვთქვა? – სხვა თუ არაფერი, სამი კვირა ზედმეტი მომცა შვებულება (იღიმის)... შედეგი ყველაფრის მაჩვენებელია – თუ მწვრთნელი არ გივარგა, შედეგს ვერ მიაღწევ. გადავხედოთ, თუნდაც შარშანდელი შედეგი, თუნდაც ახლა ლიტვის ტურნირის მოგება, ორ ძალიან ძლიერ გუნდს მოუგეს. ზუროსი ძალიან კარგი მწვრთნელია და საქართველოს ნაკრებს ალღო კარგად აუღო.
არის რაღაცები, რასაც გულით ვუდგები და ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, ბევრი ვიფიქრე. წარმოიდგინეთ, 600 ბავშვი, მათი ცხოვრება, კარიერა, ამდენი მშობელი... მაგრამ, მე ვამაყობ იმ ფაქტით, რომ ჩემს გვერდით შევკრიბე ისეთი გუნდი, რომელთაც ვენდობი და ვფიქრობ, საუკეთესო გუნდი მყვას გვერდში და ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს. აკადემია ძალიან კარგად ვითარდება, ბავშვებიც კმაყოფილები არიან. ორი უცხოელი მწვრთნელი გვყავს და ათამდე ქართველი. პირველ წელს დავიწყეთ 300 ბავშვით და მეორე წელს ეს ციფრი გაორმაგდა. ახლა მესამე უცხოელი მწვრთნელი ჩამოგვყავს, ამერიკიდან. სერიოზული გეგმები გვაქვს მომავალში და ეს ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება. ჩემი მიზანია მოთამაშეები პირდაპირ NBA-ში გავუშვათ, ჯერ პირველი და შემდეგ დანარჩენები. რა თქმა უნდა, ეს რთული იქნება და მარტო აკადემიის შრომით არ გამოვა, ბევრი ფაქტორია. თუმცა, ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავართ. ბავშვებში აშკარა პროგრესია და ძალიან დიდი მადლობელი ვარ იმ ხალხის, ვინც აკადემიას გვერდში უდგას”, - განაცხადა ფაჩულიამ.
შეგახსენებთ, ევრობასკეტ 2017 31 აგვისტოს დაიწყება.