უნგრეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა ბაჩანა არაბულმა. თანაც, მოქმედ ჩემპიონ "ჰონვედის" კარში. არაბულის "ბალმაზუივაროშმა" სტუმრად 2:2 დაასრულა მატჩი, ქართველმა ფორვარდმა კი 69-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში და აღმოჩნა, რომ შეხვედრაში ბოლო გოლი გაიტანა.
ბაჩანამ 73 წუთი დაჰყო მინდორზე. გოლის მომენტს რაც შეეხება, 12-13 მეტრიდან დარტყმით მიითვალა.
"ბალმაზუივაროშს" სამ ტურში ორი ქულა აქვს. არაბულისთვის ეს რიგით მეორე მატჩი იყო უნგრულ კლუბში, სადაც თბილისის "დინამოან" გადავიდა.
უნგრეთშივე, "დიოშდიორმა" სტუმრად 3:0 მოუგო "ჰალადაშს", თუმცა გამარჯვებულთა შორის განაცხადში არ ყოფილა ბუბა დაუშვილი. "დიოშდიორი" ცხრილში პირველ ადგილზეა.
ესტონეთში "ფლორამ" 1:0 სძლია "ნარვას" და 7-ქულიანი ჰანიკაპით ლიდერობს. ერთადერთი გოლი ზაქარია ბეგლარიშვილმა გაიტანა 35-ე წუთზე. "ფლორას" ქართველმა ლიდერმა პენალტი ზუსტად შეასრულა. ეს ბეგლარიშვილის მეათე გოლია მიმდინარე ჩემპიონატში.
რუმინეთში "გაზ მეთანმა" შინ 0:3 წააგო "ჩფრ კლუჟთან" და სამი ტურის შემდეგ, ბოლო ადგილზეა. ხუბუტიამ შეუცვლელად ითამაშა.
ბელარუსის ჩემპიონატში ბატე-მ 3:0 აჯობა "გომელს" და მეორე საფეხურზეა. ბატე-ს დაუბრუნდა ვაკო გვილია და შეუცვლელადაც ითამაშა. მეორე გოლისას ქართველმა გასწია ასისტენტობა.
"სლავია მოზირმა" შინ 1:2 წააგო "ნემანტან". ორივე გუნდის სასტარტოში იყვნენ ქართველები: მასპინძელთა შორის ოთარ ჯავაშვილი, სტუმართა შორის კი - გიორგი ქანთარია. ორივე მათგანი მცველია.
სლოვაკეთში გიორგი ბერიძის "ტრენჩინმა" შინ 1:2 წააგო "დუნაისკა სტრედასთან". ორი ტურის შემდეგ, "ტრენჩინს" სამი ქულა აქვს. ბერიძე სასტარტოში იყო და 62 წუთი ითამაშა.