ინგლისურმა “მანჩესტერ სიტიმ” “მონაკოს” მარცხენა მცველი ბენჟამენ მენდი გაიფორმა. ამის შესახებ “ქალაქელთა” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ფრანგმა ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ტრანსფერის ღირებულებამ 57.5 მილიონი ევრო შეადგინა.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “სიტის” შევუერთდი. ეს არის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი ევროპაში და დარწმუნებული ვარ მომდევნო სეზონში ბევრ წარმატებას მივაღწევთ" - განაცხადა მანჩესტერელთა ახალწვეულმა.
23 წლის ფეხბურთელს აქამდე “ლე ავრის”, “მარსელისა” და “მონაკოს” რიგებში უთამაშია. “მონეგასკებს” იგი ერთი წლის წინ შეუერთდა და პირველივე სეზონში მაღალ დონეზე შეძლო თამაში.
“მონაკოს” შემადგენლობაში მენდი საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იასპარეზა.