ფეხბურთი

14:05 | 23.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა თასი: ნეიმარმა "იუვენტუსთან" დუბლი შეასრულა, "ტოტენჰემმა" პსჟ დაამარცხა

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე აშშ-ში "ბარსელონამ" "იუვენტუსი" 2:1 დაამარცხა. ნეიმარმა მე-15 და 26-ე წუთებზე ორი გოლი გაიტანა და სატრანსფერო ჭორებს პასუხი გასცა. ბოლო დროს ევროპული მედია სამხრეთამერიკელის პსჟ-ში გადასვლაზე საუბრობს, თითქოს და ბრაზილიის ნაკრების კაპიტანს ლიონელ მესის ჩრდილში ყოფნა მოსწყინდა და ამის გამო სურს საფრანგეთში გადაბარგება.

ტურინელებმა ერთი გოლის გატანა 63-ე წუთზე შეძლეს და სულ ეს იყო. აქტიურობის მხრივ კატალონიელები ჩვეულ ფორმაში იყვნენ, ბურთს ფლობდნენ და კარშიც მეტჯერ დაარტყეს.

მეორე შეხვედრაში "ტოტენჰემმა" პსჟ 4:2 დაამარცხა. მართალია ედინსონ კავანიმ მე-6 წუთზე პარიზელები დააწინაურა, თუმცა კრისტიან ერიქსენმა და ერიკ დაიერმა მე-11 და მე-18 წუთებზე ინგლისელები დააწინაურეს. ფრანგებს საქმე 46-ე წუთზე კიდევ უფრო გაურთულდათ, როდესაც მეკარე კევინ ტრაპი გაუძევეს, წნეხს ვერარ გაუძლეს და შეხვედრის ბოლოს ტობი ალდერვეირელდმა და ჰარი კეინმა გუნდს გამარჯვება მოუტანეს.

მომდევნო შეხვედრას პრემიერლიგის გუნდი "რომასთან" 26 ივლისს გამართავს. პსჟ 27 ივლისს "იუვენტუსს " დაუპირისპირდება, ამავე დღეს "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედთან" გაარკვევს ურთიერთობას.

0.119663