დონეცკის “შახტარის” აკადემიას ახალი დირქტორი, ხორხე რაფო ჰყავს. არგენტინელმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას სხვადასხვა თემებზე ისაუბრა და მათ შორის, გიორგი არაბიძეც ახსენა.
რაფოს თქმით, ქართველი ძალიან ნიჭიერია და შანსი აქვს “მეშახტეთა” მთავარ გუნდში დაწინაურდეს.
“21 წლამდე გუნდში ნიჭიერი ფეხბურთელები არიან. მაგალითად არაბიძე და კაშჩუკი. ჩვენი ამოცანაა, რომ ისინი პირველ გუნდში დაწინაურდნენ, როგორც ეს კოვალენკოს შემთხვევაში მოხდა”, - თქვა რაფომ.
შეგახსენებთ, გიორგი არაბიძე “შახტარში” ორი წლის წინ გადავიდა. პირველ სეზონში მირჩა ლუჩესკუ უფრო ხშირად აძლევდა მთავარ გუნდში შანსს, რასაც ვერ ვიტყვით გასულ სეზონზე – პაულო ფონსეკა ქართველს მხოლოდ ბოლო ტურში ენდო. გიორგიმ კი საგოლე პასი მიითვალა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
აქვე გეტყვით, რომ არაბიძის გადაბირებით მოსკოვის “ლოკომოტივია” დაინტერესებული.