ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დღეიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება – კრისტიან პანუჩი. როგორც ცნობილი ხდება, იტალიელი ალბანელებთან კონტრაქტს დღეს გააფორმებს. 44 წლის სპეციალისტი აღნიშნულ თანამდებობაზე თანამემამულე ჯანი დე ბიაზის შეცვლის.
დე ბიაზიმ ალბანეთს არნახული წარმატება მოუტანა და ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. თუმცა, მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ციკლში წარუმატებელი თამაშის გამო, დაკავებული პოსტი ვადაზე ადრე დატოვა.
რაც შეეხება პანუჩის – იტალიელს წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა და სხვადასხვა დროს "ჯენოაში" "ინტერში”, “მილანში”, “რეალში”, "ჩელსში", "მონაკოში", “რომასა” და “პარმაში” თამაშობდა. ასევე იყო იტალიის ნაკრების წევრიც. სამწვრთნელო ასპარეზზე თავი დიდად არ გამოუჩენია. აქამდე მხოლოდ “ლივორნოს” ედგა სათავეში და არცთუ წარმატებით. მანამდე კი, ფაბიო კაპელოს თანაშემწედ რუსეთის ნაკრებში მუშაობდა.