ფეხბურთი

21:08 | 17.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძე: "ჩვენი მიზანი მეორე მატჩში გამარჯვებაა"

საქართველოს ჩემპიონ “სამტრედიას” მთავარი მწვრთნელმა გია ცეცაძემ “ყარაბაღთან” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ქართველი მწვრთნელის განცხადებით, მისი გუნდი რთულ დგომარეობაშია და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი თითქმის არ აქვს.

თუმცა, ცეცაძე იმედოვნებს, რომ “სამტრედია” საპასუხო მატჩის მოგებას მაინც მოახერხებს და საკუთარ გულშემატკივარს გაახარებს.

“ჩვენი მიზანი ხვალინდელ თამაშში არის ის, რომ მოვიგოთ. ეს არ გამოგვივიდა. ნუ შევედრებით ჩვენ ნურც ლუქსემბურგის გუნდებს და ნურც “ბარსელონას” ჩვენ, ჩვენს ფეხბურთს უნდა მივხედოთ, გამოვიტანოთ სწორი დასკვნები და ვეცადოთ მომდევნო წელს მაინც გადავლახოთ რამდენიმე ეტაპი. შედარებები კი, უადგილოა. პრობლემებზე ახლა რომ ვილაპარაკოთ, დრო ნამდვილდ არ გვეყოფა.

ეს არის ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპი და ჩვენი გუნდი იყო საქართველოს სახე, როგორც ჩემპიონი. წავაგეთ 0:5 და ეს ყველაფერზე მეტყველებს. თუმცა, სხვისი თამაში რომ ყოფილიყო და ანალიზს გავუკეთებთ, რაღაცებს დავინახავთ. თუნდაც, 5 გოლიდან 4 ოცი წუთის ინტერვალში გავუშვით – ორი პირველი ტაიმის ბოლოს, ორიც თამაშის ბოლოს. კონცენტრაციის დაკარგვის გამო მოხდა. ეს არის ანალიზის ერთ-ერთი დეტალი. თუმცა, ამით იმის თქმა არ შეიძლება, რომ კარგად ვითამაშეთ. “ყარაბაღმა” არ მოგვცა იმის საშუალება, რასაც გამოვყოფ, რომ არ მოგვცა შეტევაში ჩვენთვის დამახასიათებელი ფეხბურთი თამაში, რა თამაშსაც ეროვნულ ლიგაში ვთამაშობთ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დღესდღეობით “ყარაბაღი” ძალიან კარგი გუნდია.

ვინც გუნდი დატოვა, მათი სურვილი იყო წასვლა. ეს სწორი სურვილი იყო, რადგან საქართველოზე ცუდ ჩემპიონატში ნამდვილად არ წასულან. თუმცა, დღეს გუნდში რომ ყოფილიყვნენ, ბევრად მაღალ დონეზე ვიქნებოდით. ეს ფეხბურთის ნაწილია და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა – იტალიიდანაც მიდიან ინგლისში, ესპანეთში.

გვსურდა ფეხბურთელების დამატება ჯერ კიდევ იანვარში, თუმცა ეს არ გამოვიდა. აქედან გამომდინარე ცოტა მძიმედ დავიწყეთ ჩემპიონატი და ახლა მხოლოდ მესამე ადგილზე ვართ. არც პირველი ადგილია ცხრა მთას ადგილი. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგისთვის გაძლიერებას – ძალიან კარგ ფეხბურთელებთან ჰქონდათ კავშირი და გაკვირვებული დავრჩი, მათაც ჰქონდათ “სამტრედიაში” თამაშის სურვილი. მაგრამ ფინანსური კუთხით, როდესაც არჩევანის შანსი მიეცათ, ჩვენთან არ წამოვიდნენ. მაგალითად ბრაზილიელ მცველი მოგვყავდა, გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ ბოლოს გამოუჩნდა შანსი, რომ სერია ბ-ში ეთამაშა და იქ წავიდა. სამწუხაროდ, როდესაც არჩევნის წინაშე დადგნენ ეთამაშათ საქართველოში, იტალიაში თუ ესპანეთში, მიიღეს გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ. თუმცა, ახლა ვინც დავიმატეთ, მათ ჩვენი არაფერი დაეწუნება. ისინი პორტუგალიაში არიან გაზრდილნი, მაგრამ ადაპტაცია რა თქმა უნდა, ყველაფერი ფეხბურთელს სჭირდება - ერთი შეხედვით მათ ვერ შევაფასებთ. თუმცა, გუნდი ამაზე არ ჩერდება. მიდის მუშაობა, რომ დავიმატოთ ლეგიონერები და საკმაოდ კვალიფიცირებული. ქართველი ფეხბურთელების მხრივ არ გვაქვს დიდი რესურსი – ან ძალიან ახალგაზრდები არიან, ან არ არიან მაღალი დონის, რომ ევროტურნირებზე კარგად ითამაშონ. ვინც ასეთია, ყველა ლეგიონერია და ეს ცუდი სულაც არაა. მოკლედ, ყველაფერი შეძლებისდაგვარადაა. კარგი იქნებოდა, რაც გვინდა ის გვეკეთებინა, მაგრამ საქართველოში ამის შესაძლებლობა არცერთ გუნდს არ აქვს.

ხვალინდელ თამაშში მოვახდენთ კორექტივებს. ყველა ვარიანტში პირველი მატჩის მსგავსად არ უნდა ვითამაშოთ. თუმცა გააჩნია, როგორ მოგვცემს ამის შესაძლებლობას მეტოქეც – არ ვედრები არავის, მაგრამ 7:1 რომ მოუგო გერმანიამ ბრაზილიას და რა სახვაობაც იყო მაშინ თამაშში, ასეთი სხვაობა ჩვენსა და “ყარაბაღს” შორის არ ყოფილა სათამაშო კუთხით. თუმცა, ანგარიში ისეთივე იყო. მეტოქეს არ ვაკნინებ, მათ დაიმსახურეს გამარჯვება. შედეგი მთავარია, საშინლად გვეთამაშა ჯობდა და მოგვეგო, ან 0:0 გვეთამაშა, ან 2:0 წაგვეგო. 5:0 საშინელებაა. ასევე, მინდა დავეთანხმო ჩვენი გუნდის კაპიტანს და აღვნიშნო სამტრედიელი გულშემატკივრების გვერდში დგომა. ასეთი სამარცხვინო შედეგის მერე, მათგან ისეთი ტკბილი და თბილი სიტყვები მოვისმინეთ, რომ ჩემპიონობის შემდეგ არ უთქვამთ. ვეცდებით ისინი ხვალ მაინც გავახაროთ”, - განაცხადა ცეცაძემ.

“სამტრედიასა” და “ყარაბაღის” შეხვედრა 18 ივლისს, 21:00 საათზე “დინამო არენაზე” გაიამრთება. აქვე შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი აზერბაიჯანის ჩემპიონმა 5:0 მოიგო.

0.125092