ინგლისის ასაკობრივი ნაკრებების პროგრესი აშკარაა: ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-წლამდელთა მუნდიალი მოიგეს, 21-წლამდელებში ცოტა დააკლდათ ფინალამდე და აი, 19-წლამდელებშიც ტრიუმფატორები გახდნენ. გორში, "თენგიზ ბურჯანაძეზე" კეით დაუნინგის გუნდმა 2:1 მოუგო პორტუგალიას.
ინგლისელებმა საქართველოში ხუთივე მატჩი მოიგეს და ხუთივეში უკეთ ჩაატარეს მეორე ტაიმი. ნათლად ჩანს ერთი რამ: ფლანგზე გაქცევასა და ჩაწოდებაზე არ თამაშობენ. პირიქით, ძალიან იშვიათად იყენებენ ამ კომპონენტს.
გუნდურად კარგად დაყენებული თამაში და რამდენიმე ინდივიდუალისტი, მაგალითად, მაუნტი, სესენიონი, ბაკლი-რიკეტსი - ინგლისმა თავისი კოზირები კარგად გამოიყენა.
საწყის 20 წუთში პორტუგალია ფლობდა უპირატესობას, თუმცა რეალური ხიფათი ვერ შექმნა რამსდეილის კართან. სამხრეთელები უფრო ფლანგებიდან აქტიურობდნენ, აი, დაცვის ცენტრი კი ბრიტანელებს კარგად ჰქონდათ გამაგრებული. პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი საგოლე მომენტი ვნახეთ: ბაკლი-რიკეტსმა იაქტიურა, მაუნტის დაუგორა ბურთი, მისი დარტყმული ბურთი კი მცველ დალოტს მოხვდა. ზოგადად, პირველი ტაიმის ბოლო მონაკვეთი უკვე ბრიტანელებისა იყო.
პირველი გოლი 50-ე წუთზე გავიდა. მაუნტიმ ტექნიკურად შეასრულა საჯარიმო, ბურთი ძელს მოხვდა და მცველმა სულიმანმა თავურით დაამატა. თუმცა, ექვს წუთში პორტუგალიელმა აბდუ კონტემ ჩააწოდა და სტერლინგს თავის კარში აეჭრა ბურთი... შეგვეცოდა სტერლინგი. ეს მომენტი რომ არა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო ფინალში. არადა, ამ ავტოგოლამდე პორტუგალიელმა მესაკემ ცარიელ კარში ვერ გაიტანა.
შემდეგ ვნახეთ დრამატული ორწუთიანი მონაკვეთი. რუი პედრუს მეკარემ აუღო, იმავე შეტევის მერე კი სტერლინგმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი.
...პორტუგალიელებმა ვერ გაიტანეს, სამაგიეროდ, მალევე ინგლისელებმა გამოიყენეს შანსი: სამხრეთელთა საუკეთესო მცველი კეირუში შეცდა, მაუნტიმ ისარგებლა და პოზიციაც მოუგო, შემდეგ კი ცარიელ კართან პასი გაუკეთა ნმეჩას და 1:2. ისე, ნმეჩა ნახევარფინალშიც გადამწყვეტი გოლის ავტორი გახდა.
დარჩენილ დროში პორტუგალიელებს რამდენიმე შანსი ჰქონდათ, თუმცა ჩანდა, რომ აკლდათ "ფანტაზისტა" ფეხბურთელი. უტევდნენ, მაგრამ უშინაარსოდ. 86-ე წუთზე ინგლისელი საყრდენი ედუნი გააძევეს და წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდნენ ბრიტანელბი, თამაში დამატებით დროში რომ გადასულიყო. საბოლოოდ, ასე არ მოხდა.
გორმა კი მშვენივრად ჩააბარა ევროგამოცდა. ევროჩემპიონატის დროს, ყველაზე კარგი საფეხბურთო ატმოსფერო სწორედ ამ სტადიონზე სუფევდა.
დამთავრდა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. გიორგი ყიფიანის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს თავი არ შეურცხვენია, რვა გუნდს შორის მეხუთე ადგილზე გავიდა და დასამახსოვრებელი მომენტებიც მრავლად იყო. რა თქმა უნდა, უკეთესს ვისურვებდით, მაგრამ გრანდ ქვეყნებამდე ჯერ შორია...
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. ფინალი
15 ივლისი. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
პორტუგალია - ინგლისი 1:2 (0:0)
პორტუგალია: დიოგო კოშტა, დალოტი, დიოგო კეირუში, კონტე (კუეტა 79), კეირუში, რუი პირესი, ჟედსონი, კინა, მესაკე (ლუიშ მიგელი 76), ჟოაო ფელიპე (რაფაელ ლეაო 56), რუი პედრუ
მწვრთნელი: ელიო სოუზა
ინგლისი: რამსდეილი, სტერლინგი, სულიმანი, ჯონსონი, ჯეი დასილვა, ედუნი, დოზელი (ჯოშ დასილვა 77), მაუნტი, სესენიონი, ბაკლი-რიკეტსი (ედვარდსი 84), ნმეჩა (ბრერეტონი 73)
მწვრთნელი: კეით დაუნინგი
გოლები: 0:1 სულიმანი (50), 1:1 სტერლინგი (56 საკ.კარში), 1:2 ნმეჩა (68)
გაფრთხილება: ედუნი (54, 86), რუი პირესი (67), რამსდეილი (90+1)
გაძევება: ედუნი (86)
მსაჯი: იოვანოვიჩი (სერბეთი)