დონეცკის “შახტარის” ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა პირველ მიზნად უკრაინის სუპერთასის მოგებას ისახავს. როგორც ადგილობრივ მედიას ჩვენებურმა განუცხადა, გერმანული შეკრება იდეალურად წარიმართა და გუნდი ახალი სეზონისთვის მზადაა.
“ძალიან კარგი შეკრება იყო. ახლა მთავარი მიზანი უკრაინის სუპერთასის მოგებაა. ამ შეხვედრისთვის 6 დღე დაგვრჩა, მაგრამ ვფიქრობ, მზად ვართ, როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად. დანარჩენს კი, თამაში გამოაჩენს”, - თქვა ხოჭოლავამ.
“შახტარი” უკრაინის სუპერთასის შეხვედრას 15 ივლისს, კიევის “დინამოსთან” ჩაატარებს. რაც შეეხება ხოჭოლავას, იგი “დონბასელებს” მიმდინარე ზაფხულს შეუერთდა და გერმანულ შეკრებაზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.
სხვათა შორის, ქართველი ფეხბურთელით კმაყოფილია “მეშახტეთა” მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკა:
“ხოჭოლავას თამაშით სავსებით კმაყოფილი ვარ. მას უკვე ჰქონდა გამოცდილება ისეთ გუნდში თამაშის, რომლის დაცვაც სხვადასხვა სტილში თამაშობს. ის საოცრად ადაპტირებულია ჩვენს სტილთან. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ მოსამატებელი აქვს გარკვეულ ასპექტებში, მაგრამ ამჟამად მე სრულიად კმაყოფილი ვარ”, - აღნიშნა ფონსეკამ "შახტარის" ვებგვერდთან საუბრისას.