7 ივლისს, ახალ სპორტის სასახლეში "ბაჩოს თასი" გაიმართა. ბაჩო სვანიძე 2010 წლის მაისში, 30 წლის ასაკში გარდაიცვალა და იმავე წელს ჩატარდა მისი ხსოვნის ტურნირი. ბაჩო მართლაც მისაბაძი ჟურნალისტი გახლდათ და რომ ჩამოვთვალოთ, რამდენ დიდ სპორტსმენთან გაუკეთებია ინტერვიუ, შორს წავალთ. ერთიც კმარა და გასაგები იქნება - დიეგო მარადონასთან.
ბაჩო სვანიძე მეტწილად გაზეთ "სარბიელში" მუშაობდა და ტურნირზე ყოვევლწლიურად გამოდის "სარბიელის" გუნდი. "ბაჩოს თასი" 2010 წლიდან მოყოლებული, სპორტის სამინისტროს დახმარებითა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ეგიდით ყოველწლიურად ტარდება. მხარდამჭრები კი არიან ფეხბურთის და კალათბურთის ფედერაციები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.
ტურნირში, როგორც წესი, სპორტული ჟურნალისტები თამაშობენ. ასევე, ბაჩოს მეგობრებიც.
ბიჭებს შორის ჩემპიონი გახდა ბაჩოს მეგობრების გუნდი. მათ ფინალში "ტელე მედიას" სძლიეს. ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, პენალტების სერია კი - 3:2. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონი გუნდის მეკარე კობა ხატისაშვილმა ოთხი პენალტი მოიგერია (!) და გადამწყვეტი პენალტიც სწორედ მან გაიტანა.
სწორედ ხატისაშვილმა მიიღო ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც. ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დააჯილდოვა.
მესამეზე გავიდა "პრეს მედია", რომელმაც "სარბიელს" მოუგო 4:3.
გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა გოგონებს შორისაც: "როზაურამ" 2:0 მოუგო "ბაჩოს გუნდს".
ვაჟთა შორის, კალათბურთში ჩემპიონი გახდა "სპორტ პრესის" გუნდი, საუკეთესო მოთამაშედ კი ამ გუნდის წევრი გიორგი კოროშინაძე დასახლდა.
გამარჯვებული გუნდები კობიაშვილის გარდა, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დააჯილდოვეს.
საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციამ (პრეზიდენტი - მიხეილ აბაიშვილი) სპეცილური სიგელებით დააჯილდოვა ხეჩიკაშვილი და კობიაშვილი - ჟურნალისტების ხელშეწყობისთვის.
თამაშების დასრულების შემდეგ კი, ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ყოველწლიური პრემიების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ლაურეატებს ჯილდო ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა გადასცა. დაჯილდოვდნენ ფოტოგრაფები თამარ ყულუმბეგაშვილი, ლაშა კუპრაშვილი; ასევე, რადიო "ჯაკო"; კომენტატორი თემურ ჯაფარიძე; თამაზ მჭედლიძე, დემიკო ლოლაძე, გულბათ ტორაძე, დიმიტრი მჭედლიძე, ლაშა გოდუაძე და გია პლატონიშვილი.