ლევერკუზენის „ბაიერის“ აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ ამიერიდან „მილანში“ ითამაშებს. როგორც იტალიური გრანდის ვებგვერდი იტყობინება, 23 წლის ფეხბურთელმა „როსონერისთან“ ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, ხოლო გერმანული გუნდის ბიუჯეტი კი, 20 მილიონი ევროთი შეივსო.
ჰაკან ჩალჰანოღლუ ევროპაში საჯარიმოების ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ მას თებერვლიდან მოყოლებული არ უთამაშია, რადგან 4 თვიან დისკვალიფიკაციას იხდიდა.
თურქეთის ნაკრების მოთამაშე თავის დროზე „კარლსრუესა“ და „ჰამბურგშიც“ ირჯებოდა. რაც შეეხება „მილანს“ - იტალიელებმა ჩალჰანოღლუმდე ფრანკ კესიე, მატეო მუსაჩო, რიკარდო როდრიგესი, ანდრე სილვა და ფაბიო ბორინი დაიმატეს.