ფეხბურთი

3:30 | 3.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონფედერაციათა თასი: გერმანიის პირველი ტრიუმფი (+VIDEO)

ფიფას 2017 წლის კონფედერაციათა თასის გამარჯვებული გერმანიის ნაკრებია - „ბუნდესნაკრებმა“ აღნიშნული ტიტული არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო. სანქტ-პეტერბურგში გამართულ ფინალურ მატჩში იოაჰიმ ლიოვის გუნდმა ჩილეს ნაკრები დაამარცხა.

დაძაბული და სანახაობრივი თამაში გამოვიდა, რომლის ბედმა ერთმა გოლმა და ერთმა შეცდომამ გადაწყვიტა. მეოცე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ჩილეს რეალური მომენტი შეექმნა და გოლის გატანასთან ძალზე ახლოს იყო, თუმცა ეპიზოდი განიმუხტა. საბოლოოდ, რამდენიმე წამში ბურთი უკვე სამხრეთამერიკელთა საჯარიმოს მისადგომებთან მარსელო დიასს მიუვიდა, რომელმაც იმდენი ხანი დააყოვნა, სანამ ტიმო ვერნერმა არ მოპარა ბურთი, ხოლო ლარს შტინდლმა ცარიელ კარში მარტივად გადაგზავნა. ეს ერთადერთი გოლი აღმოჩნდა. მართალია, დარჩენილ დროში, როგორც გერმანელებს შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, ისე ჩილელებს გათანაბრება, მაგრამ ტაბლოზე ყველაფერი უცვლელი დარჩა.

ამით კი, გერმანიის ნაკრებმა იჩემპიონა. მოგეხსენებათ, ლიოვს რუსეთში მთელი რიგი წამყვანი მოთამაშეები არ წაუყვანია, თუმცა როგორც ხედავთ, გერმანიას რეზერვიც საიმედო ჰყავს. გერმანიის ნაკრებს აქამდე ერთადერთი ტიტული არ ჰქონდა მოგებული და ახლა ისიც შემატა კოლექციას - ფიფას კონფედერაციათა თასი.

მანამდე კი, მოსკოვში მცირე ფინალი, ანუ მატჩი მესამე ადგილისთვის შედგა. მექსიკის ნაკრები ძალიან, ძალიან ახლოს იყო ბრინჯაოს მედლებთან - ანდრე სილვას პირველ ტაიმში გილერმო ოჩოამ პენალტი აუღო, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ლუიშ ნეტუმ ავტოგოლი მიითვალა და „აცტეკები“ დაწინაურდნენ. მექსიკა სასრუველ ანგარიშს მსაჯის კომპესირებულ დრომდე ინარჩუნებდა და თითქოს, კრიშტიანუ რონალდუს გარეშე მოთამაშე პორტუგალია უშანსოდაც იყო, მაგრამ ლიდერობა თავის თავზე პეპემ აიღო და ვეტერანმა მცველმა შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. იქ კი, ყველაფერი პენალტმა გადაწყვიტა. მექსიკელთა კარში მეორე თერთმეტმეტრიანი ისევ სილვამ დაარტყა, მაგრამ არა ანდრემ, არამედ ადრიენმა - „სპორტინგის“ კაპიტანი არ შემცდარა და პორტუგალიამ რუსეთი მედლებით დატოვა.

ფიფას კონფედერაციათა თასის საუკეთესო ფეხბურთელად გერმანელი იულიან დრაქსლერი დასახელდა, საუკეთესო მეკარედ ჩილელი კლაუდიო ბრავო აღიარეს, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი გერმანელი ტიმო ვერნერი გახდა 3 გოლით. სხვათა შორის, მის მსგავსად 3-3 გოლი ლეონ გორეცკამ და ლარს შტინდლმაც გაიტანეს, მაგრამ „ლაიპციგის“ ფორვარდს ერგო ოქროს ბუცი, რადგან 3 გოლთან ერთად ტურნირზე 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

მოკლედ, მუნდიალამდე გენერალური რეპეტიცია გავლილია. 2018 წლის ზაფხულში კი, მთავარი საფეხბურთო მოვლენა - მსოფლიოს ჩემპიონატი გველოდება.

ჩილე - გერმანია 0:1 (0:1) VIDEO

სანქტ-პეტერბურგი, „კრესტოვსკი სთედიუმი“

მაყურებელი: 57 268

ჩილე (4-3-1-2): ბრავო; ისლა, მედელი, ხარა, ბოსეჟური; არანგიზი (საგალი 81), დიასი (როსელი 53), ერნანდესი; ვიდალი; სანჩესი, ვარგასი (პუჩი 81)

მწვრთნელი: ხუან ანტონიო პიცი

გერმანია (3-4-2-1): ტერ შტეგენი; გინტერი, მუსტაფი, რუდიგერი; კიმიხი, შტინდლი, რუდი, ჰექტორი; გორეცკა (სულე 90), დრაქსლერი; ვერნერი (ჯანი 79)

მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი

გოლი: 0:1 შტინდლი (20)

გაფრთხილება: ვიდალი (59), ხარა (65), ვარგასი (75), ბრავო (90) - კიმიხი (59), ჯანი (90), რუდი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 21 (8) – 8 (3) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 9:4 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

პორტუგალია - მექსიკა 2:1 დ.დ (0:0) VIDEO

მოსკოვი, „ოტკრიტიე არენა“

მაყურებელი: 42 659

პორტუგალია (4-4-2): რუი პატრისიუ; სემედუ, პეპე, ნეტუ, ელიზეუ; ჟელსონი, მოუტინიო (ადრიენ სილვა 82), პერეირა (ანდრე გომეში 82), პიცი (კარვალიო 90); ნანი (კვარეჟმა 70), ანდრე სილვა

მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

მექსიკა (4-3-3): ოჩოა; ლაიუნი, მორენო, არაუხო, რეიესი; ერერა, მარკესი (ფაბიანი 106), გუარდადო (ჯონ. დოს სანტოსი 80); ველა, პერალტა (ლოზანო 61), ხავიერ ერნანდესი (ხიმენესი 85)

მწვრთნელი: ხუან კარლოს ოსორიო

გოლები: 0:1 ნეტუ (54, ა.გ), 1:1 პეპე (90), 2:1 ადრიენ სილვა (104, პენ)

გაფრთხილება: სემედუ (26, 106) - მარკესი (15), ხიმენესი (94, 112), მორენო (98)

გაძევება: სემედუ (106) - ხიმენესი (112)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 24 (6) – 13 (6) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 12:3 თამაშგარე: 1:5

მსაჯი: ფაჰად ალ მირდასი (საუდის არაბეთი)

0.114087