ფეხბურთი

22:30 | 1.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

U21: ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატი გერმანიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ უეფას მიერ გამოქვეყნებულ სიმბოლურ ნაკრებში სწორედ ალემანი ფეხბურთელები სჭარბობენ.

სწორედ ახალგაზრდული ევროფორუმის სიმბოლური ნაკრების შესახებ ვისაუბრებთ ქვემოთ:

მეკარე

იულიან პოლერშბეკი (გერმანია)

დამაჯერებლად ჩატარებული ჯგუფური ეტაპის შემდეგ პოლერშბეკი ნახევარფინალის გმირი გახდა - ინგლისთან პენალტების სერიაში ორჯერ არ გაატანინა მეტოქეს. იულიანმა ახლახან კონტრაქტი ბუნდესლიგის ბინადარ „ჰამბურგთან“ გააფორმა.

მცველები

იულიან ტოლიანი (გერმანია)

ჟერემი ტოლიანი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეპასე გახდა. მან თანაგუნდელებს სამჯერ გაატანინა. მათ შორის გამოსარჩევია საგოლე გადაცემა ფინალურ მატჩში ესპანეთის წინააღმდეგ.

მილან შკრინიარი (სლოვაკეთი)

სლოვაკეთის ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა, მაგრამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მის რიგებში კი, გამორჩეული იყო გენუის „სამპდორიას“ მცველი მილან შკრინიარი - როდესაც ის მოედანზე გახლდათ, სლოვაკეთამ ერთადერთი გოლი გაუშვა.

ნიკლას შტარკი (გერმანია)

შტარკს ნახევარფინალი გაუცდა და ფინალშიც საეჭვო იყო მისი თამაში, მაგრამ ესპანელებს მაინც დაუპირისპირდა. ბერლინის „ჰერტას“ უკანახაზელი თავისი გუნდის დაცვის ხაზის ლიდერი გახლდათ.

იანიკ გერჰარდტი (გერმანია)

იანიკ გერჰარდტი გერმანელთა დაცვის ხაზის მარცხენა ფლანგს ამაგრებდა და არანაკლებ პროდუქტიულად გაისარჯა, ვიდრე მისივე თანაგუნდელი ტოლიანი.

ნახევარმცველები

მაქსიმილიან არნოლდი (გერმანია)

გერმანიის ნაკრების კაპიტანი, რომელიც „ბუნდესნაკრების“ თამაშს წარმართავდა. ორჯერ საგოლე პასიც მიითვალა.

დანი სებალიოსი (ესპანეთი)

20 წლის სებალიოსი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. სრულიად დამსახურებულადაც, რადგან ყველა შეხვედრაში გამორჩეულად ითამაშა და „ფურია როხას“ ნახევარდაცვის მამომძრავებელი ძალა იყო.

მაქს მეიერი (გერმანია)

გელზენკირხენის „შალკეს“ ნახევარმცველი მოწინააღმდეგეთა კართან ძალიან დიდ ხიფათს ქმნიდა. შტეფან კუნცის სისტემაში მას უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული.

საულ ნიგეზი (ესპანეთი)

საულის ფანტასტიკური თამაში მოულოდნელობა არ ყოფილა. მან იგივეს „ატლეტიკოში“ თამაშის დროსაც შეგვაჩვია. საულ ნიგეზი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ნახევარფინალში იტალიასთან ჰეთ-თრიქიც შეასრულა.

თავდამსხმელები

მარკო ასენსიო (ესპანეთი)

მარკო ასენსიომ ევროპის ჩემპიონატი დიდებულად დაიწყო და პირველივე ტურში მაკედონიას სამი ულამაზესი გოლი გაუტანა.

ფედერიკო ბერნარდესკი (იტალია)

ფლორენციის „ფიორენტინას“ ფეხბურთელი იტალიის ნაკრების რიგებში ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. სწორედ მისმა გოლმა მოაგებინა „აძურინის“ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გერმანიასთან, რამაც იტალია ნახევარფინალში გაიყვანა. ბერნარდესკიმ ესპანეთის კარიც აიღო, თუმცა ეს ფინალში გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა.

0.134157