ფეხბურთი

1:24 | 1.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრო U21: გერმანია ევროპის ჩემპიონია (+VIDEO)

გერმანიის 21 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონია - ახალგაზრდა „ბუნდესნაკრებმა“ კრაკოვში გამართულ ფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრები 1:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ მოიპოვა ამ ასაკში კონტინენტის ჩემპიონის ტიტული.

ბევრი ფინალში ფავორიტიდა ესპანეთს მიიჩნევდა, რომელიც ფინალამდე მართლაც ჩინებული ფეხბურთით და უდანაკარგოდ მივიდა, მაგრამ გერმანიამ მეტოქეს შანსი თითქმის არ მისცა. დაფიქსირებულ ანგარიშს თავი რომ გავანებოთ, ალემანები თამაშის მხრივაც დაჯაბნეს პირინელები - მაგალითისთვის ესპანეთს ორად-ორი რეალური მომენტი ჰქონდა: ჯერ სუალ ნიგეზს აჯობა იულიან პოლერშბეკმა, შემდეგ კი, დანი სებალიოსმა მცირედით ააცილა. საპასუხოდ კი, გერმანია ბევრად გააზრებულად უტევდა და შეეძლო უფრო დიდი ანგარიშითაც მოეგო, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში შტეფან კუნცის გუნდი ბევრს სცოდავდა.

და მაინც, პირველი ტაიმის მიწურულს ტოლიანის კარგ ფლანგურ გადაცემას ვეიზერის დიდებული თავური მოჰყვა და კეპას შანსი არ ჰქონია - ეს საჩემპიონო გოლი გამოდგა. გერმანიის 21 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მეორედ მოიგო, პირველად იგივე 2009 წელს მოახერხა.

თავის მხრივ, ესპანეთის ნაკრებმა დაკარგა შანსი მეხუთე ტიტულის მოგების და იტალიის ნაკრებთან გატოლების. სწორედ „აძურინის“ მოუგია 21 წლამდელთა ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ (5), ხოლო ესპანეთი ისევ მეორე ადგილზე დარჩა 4 საჩემპიონო ტიტულით.

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატი ორი წლის შემდეგ, 2019 წლის ზაფხულში იტალიაში გაიმართება. აწ დასრულებული პირველობის საუკეთესო ფეხბურთელად კი, სევილიის "ბეტისისა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი დანი სებალიოსი დასახელდა.

გერმანია - ესპანეთი 1:0 (1:0)

კრაკოვი, „იოზეფ პილსუდსკი სთედიუმი“

მაყურებელი: 14 059

გერმანია (4-1-4-1): პოლერშბეკი; ტოლიანი, შტარკი, კემპფი, გერჰარდტი; ჰაბერერი (კორი 82); ვეიზერი, მეიერი, არნოლდი, გნაბრი (ამირი 81); ფილიპი (ოზტუნალი 87)

მწვრთნელი: შტეფან კუნცი

ესპანეთი (4-3-3): კეპა; ბელერინი, მერე, ვალეხო, ჯონი (გაია 51); საულ ნიგეზი, ლორენტე (მაიორალი 83), სებალიოსი; დეულოფეუ, სანდრო რამირესი (უილიამსი 71), ასენსიო

მწვრთნელი: ალბერტ სელადესი

გოლი: 1:0 ვეიზერი (40)

გაფრთხილება: არნოლდი (47), ჰაბერერი (50), შტარკი (52), მეიერი (78) - საულ ნიგეზი (43), ლორენტე (54), ვალეხო (89)

სტატისიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 7 (1) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 4:12 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ბენუა ბასტიენი (საფრანგეთი)

0.260354