თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ სლოვენიაში მოსამზადებელ შეკრებაზე 21 ფეხბურთელი წაიყვანა. როგორც კლუბის პრესსამსახური იტყობინება, შეკრებაზე მყოფთაგან რამდენიმე, “დინამოს” 19 წლამდე გუნდიდანაა, ასევე რამდენიმე მოთამაშე შეკრებაზე შეეცდება თავის გამოჩენას.
ამჟამად დინამოელთა თავკაცის განკარგულებაში არიან:
სერგეი ლიტოვჩენკო, ნუკრი რევიშვილი, დემეტრე ბულისკერია, გიორგი თევზაძე, ლაშა თოთაძე, ბაქარ ქარდავა, ბექა მიქელთაძე, ლაშა სალუქვაძე, ნიკა ნინუა, ბოგდან მიშენკო, ალეკო გამცემლიძე, ბექა დარცმელია, ხვიჩა კვარაცხელია, მიხეილ ერგემლიძე, გიორგი ხარშილაძე, ენვერ ლილუაშვილი, პაატა კიტეიშვილი, თორნიკე ძოწენიძე, აკაკი შულაია, ლაშა ქოჩლაძე, ლევან გეგეჭკორი.
ტრავმების გამო ვერ გაემგზავრნენ სლოვენიაში გიორგი ზარია და ოთარ კიტეიშვილი. ზარია სარეაბილიტაციო პროცესს გადის, კიტეიშვილი კი უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს და სრულფასოვნად ვარჯიშს ორ თვეში დაიწყებს. გარდა ამისა, საქართველოს 19 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, გიორგი კუცია და გიორგი ჩაკვეტაძე. რაც შეეხება ბაჩანა არაბულს, რომელსაც კონტრაქტი დაუსრულდა, კლუბის პრესსამსახურის ცნობით, “დინამოს” 23 წლის ფორვარდის შენარჩუნება სურდა, თუმცა ფეხბურთელმა კარიერის უცხოეთში გაგრძელება არჩია, სავარაუდოდ უნგრეთში ითამაშებს.
როგორც უკვე გაცნობეთ, “დინამო” შეკრებაზე 29 ივნისს გაემგზავრა და მორავსკე ტოპლიცეში, სასტუმრო “აიდაში” დაბინავდა. თბილისელები სლოვენიაში 14 ივლისამდე დარჩებიან და ამ დროის განმავლობაში სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ: 4 ივლისს “დინამო” სერბულ “ჩუკარიჩკის” დაუპირისპირდება, 8 ივლისს ქართული გუნდის მეტოქე ხორვატული “რუდეში” იქნება, ხოლო 12 ივლისს უკრაინული “ზორია”.