საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიურ "ბრაგას" უახლოვდება. როგორც ავტორიტეტული გამოცემა A Bola იტყობინება, 27 წლის მეკარის ხსენებულ კლუბში გადასვლა გადაწყვეტილია - მხარეები უკვე შეთანხმდნენ და გიორგი "ბრაგასთან" 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
აქვე გეტყვით, რომ აქამდე მაკარიძის მომავალს ლისაბონის "ბენფიკას" უკავშირებდნენ, თუმცა როგორც ჩანს, "ბრაგას" ვარიანტი უფრო რეალური აღმოჩნდა. ისე, არც ეს კლუბია პორტუგალიაში ხელწამოსაკრავი და ბოლო წლებში "ბენფიკას", "პორტუსა" და "სპორტინგის" სამეულთან ყველაზე ახლოსაა.
ჩვენებურმა მეკარემ კი, ადგილობრივი გრანდების ყურადღება მას შემდგომ მიიპყრო, რაც გასული სეზონი მოკრძალებულ "მორეირენსეში" ჩინებულად ჩაატარა.