მექსიკის ნაკრები ხელწამოსაკრავი მეტოქე სულაც არაა და „ყაზან არენაზე“ გამართულმა შეხვედრამ ეს სრულად ცხადყო. მაყურებელემა საკმაოდ სანახაობრივი და კარგი თამაში იხილა, რომელსაც არც დრამატული განვითარება დაჰკლებია. უფრო ახლოს მოგებასთან ევროპელები იყვნენ, მაგრამ „აცტეკებმა“ შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოვლინეს.
კრიშტიანუ რონალდუს დიდებული პასის შემდეგ რიკარდო კვარეჟმამ იხერია. რა თქმა უნდა, რონალდუს პასიც გამოსარჩევი იყო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა „ბეშიქთაშის“ თავდამსხმელმა მაღალი კლასი გამოავლინა და გაიტანა. მექსიკა გონს მალევე მოვიდა და გაათანაბრა. კომბინაცია კი, დიდებული იყო - ხიმენესმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც კაროს ველამ ხავიერ ერნანდესი მოძებნა და ჩიჩარიტომაც თავით კუთხეში ჩააჭედა ბურთი. ისე, მექსიკელთა ეს შეტევა გოლით ვერ დასრულდებოდა, რომ არა რაფაელ გუერეიროს უხეში შეცდომა. შესაბამისად, გუნდები ანტრაქტზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ მე-19 წუთზე პეპემ გოლი გაიტანა, მაგრამ საქმეში ვიდეო რეფერი ჩაერია და თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გააუქმა. ამას შეიძლება ისტორიული მოვლენაც ვუწოდოთ, რადგან ასეთ დონეზე პირველად მოხდა, რომ გადაწყვეტილებას მიღება ვიდეო რეფერის მიანდეს...
მეორე ტაიმის სცენარიც ისეთი გამოდგა, როგორიც პირველის გახლდათ - გოლები კვლავ მიწურულში გავიდა. ჯერ მარჯვენა მცველმა სედრიკ სოარეშმა ითამაშა კარგად და გილერმო ოჩოას შანსი არ დაუტოვა. თითქოს, ეს გამარჯვებას ნიშნავდა, მაგრამ მექსიკის ნაკრები დანებებას არ აპირებდა. მსაჯის კომპესირებულ დროში კუთხური შედეგიანად დასრულდა - ექტორ მორენოს ჟოზე ფონტემ ხელი ვერაფრით შეუშალა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 2:2.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ დასახელდა. მართალია, პორტუგალიელს ჩვეულად არ უთამაშია, მაგრამ რიგ ეპიზოდებში დიდებულად ირჯებოდა და იგრძნობოდა, რომ მასზე პორტუგალიის ნაკრებში ბევრი რამაა დამოკიდებული.
აქვე შეგახსენებთ, რომ A ჯგუფის პირველ შეხვედრაში რუსეთის ნაკრებმა ახალი ზელანდია 2:0 დაამარცხა. მეორე ტურის მატჩები 21 ივნისს გაიმართება: რუსეთი პორტუგალიას, ხოლო ახალი ზელანდია მექსიკის ნაკრებს დაუპირისპირდება.
პორტუგალია - მექსიკა 2:2 (1:1) VIDEO
ყაზანი, „ყაზან არენა“
მაყურებელი: 34 372
პორტუგალია (4-3-3): რუი პატრისიუ; სოარეში, ფონტე, პეპე, გუერეირო; კარვალიო, ანდრე გომეში, მოუტინიო (ადრიენ სილვა 58); ნანი (ჟელსონი 58), რონალდუ, კვარეჟმა (ანდრე სილვა 82)
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში
მექსიკა (4-3-3): ოჩოა; სალსედო (არაუხო 67), მორენო, რეიესი, ლაიუნი; გუარდადო, ერერა, ჯონ. დოს სანტოსი; ველა (ჯოვ. დოს სანტოსი 57), ხიმენესი (პერალტა 79), ერნანდესი
მწვრთნელი: ხუან კარლოს ოსორიო
გოლები: 1:0 კვარეჟმა (35), 1:1 ერნანდესი (42), 2:1 სოარეში (86), 2:2 მორენო (90)
გაფრთხილება: ადრიენ სილვა (68), ანდრე გომეში (90) - გუარდადო (73)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 11 (3) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 2:3 თამაშგარე: 3:1
მსაჯი: ნესტორ პიტანა (არგენტინა)