საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე მედალი მოიპოვა. თეოდორა კახიანის ოქროს დღეს სანდრო ბაზაძემ ბრინჯაო მიამატა. ნაკრების ლიდერმა ხმლით ფარიკაობაში უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან – გერმანელ მაქს ჰარტუნგთან წაგებით (11:15) და იტალიელ ლუკა კურატოლისთან ერთად მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ნახევარფინალამდე სანდრო ბაზაძემ ჯგუფში თურქ ენვერ ილდირიმს (5:2), ბელარუს სერგეი კისელს (5:1), უკრაინელ ბოგდან პლატონოვს (5:0), რუს კამილ იბრაგიმოვსა (5:3) და ბრიტანელ უილიამ დერის (5:1) აჯობა. მეთექვსმეტედფინალში უკრაინელი დმიტრო პუნდიკი დაამარცხა (15:13), მერვედფინალში – იტალიელი ლუიჯი სამელი (15:14), ხოლო მეოთხედფინალში – უნგრელი სანად გემესი (15:7).
საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში სანდროს ძმა - ბექა ბაზაძე, საბა სულამანიძე და ნიკა შენგელიაც ჩაებნენ. მათ შორის უკეთესი შედეგი ბექა ბაზაძემ აჩვენა – ჯგუფში ხუთი შეხვედრიდან სამი მოიგო, ოცდამეთორმეტედფინალში ბრიტანელ ჯონათან ვებს სძლია (15:12), მეთექვსმეტედფინალში – ბელგიელ სეპ ვან ჰოლსბეკს (15:11). მერვედფინალში კი იტალიელ კურატოლისთან ვეღარას გახდა (4:15).
საბა სულამანიძემ ჯგუფში ექვსი შეხვედრიდან ორი მოიგო და ოცდამეთორმეტედფინალში თურქ ენვერ ილდირიმთან დამარცხდა. ნიკა შენგელიამ კი ჯგუფის ხუთი შეხვედრიდან ოთხი წააგო.