ფეხბურთი

20:30 | 12.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე სილვა: „მინდა, სკუდეტო მოვიგო“

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი ანდრე სილვა კარიერას „მილანში“ გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ანდრე სილვას, რომ „მილანში“ სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო, დღეს გიამბეთ, ამჯერად კი, მხარეებს შორის კონტრაქტი გაფორმდა.

21 წლის ფორვარდი „სან სიროზე“ 2022 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს, ხოლო „პორტუმ“ ნიჭიერი მოთამაშის სანაცვლოდ 38 მილიონი ევრო მიიღო.

„ძალიან ბედნიერი ვარ „მილანში“ ყოფნით. ვიცი, რომ ამ გუნდს უდიდესი ისტორია აქვს. აქ ყოფნა ოცნებას გავს და მინდა, რომ შავ-წითელ ფერებში ბევრი ტიტული მოვიგო, პირველ რიგში კი, სკუდეტო“, - განაცხადა სილვამ.

ანდრე სილვამ გასულ სეზონში 43 თამაში ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. პორტუგალიის ნაკრებში მის ანგარიშზე 8 თამაში და 6 გოლია. ამჟამად იგი, კონფედერაციათა თასზე სათამაშოდ ემზადება.

პორტუგალიელი თავდამსხმელი მიმდინარე ზაფხულს „მილანის“ მეოთხე შენაძენია მატეო მუსაჩოს, ფრანკ კესიესა და რიკარდო როდრიგესის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ანდრე სილვა "მილანის" ისტორიაში ყველაზე ძვირად შეძენილ ფეხბურთელთა შორის მეორე ადგილზეა. ამაზე დიდი თანხა "როსონერიმ" 2001 წელს, ასევე პორტუგალიელ მანუელ რუი კოშტაში გადაუხადა "ფიორენტინას" - 42 მილიონი ევრო.

0.11631