მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდნენ - 11 ივნისს ჩემპიონის ტიტულისთვის ინგლისისა და ვენესუელის ნაკრებები შეერკინებიან. „ლომებმა“ ნახევარფინლში იტალიას, ხოლო სამხრეთამერიკელებმა ურუგვაის აჯობეს.
არადა, იტალიის ნაკრებისთვის შეხვედრა დიდებულად დაიწყო - მეორე წუთზე ანდრეა ფავილის კარგი თამაშის შემდეგ რიკარდო ორსლინიმ ერთი შეხებით გაიტანა და „აძურინი“ დააწინაურა. სხვათა შორის, „იუვენტუსის“ ნიჭიერმა შემტევმა ამ ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთე მატჩში გამოიჩინა თავი. ინგლისის ნაკრები ამის მერე უპირატესობას მეთოდურად დაეუფლა, მაგრამ აპენინელთა კართან სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდა.
მდგომარეობა მეორე ტაიმში შეიცვალა: დომინიკ სოლანკემ ჯერ იტალიელთა კიპერის ცუდი თამაშის შედეგად გაათანაბრა, ხოლო ცოტა ხანში ლუმკანმა წინ გაიყვანა თავისი გუნდი. იტალიელთა იმედებს საბოლოო წერტილი ისევ სოლანკემ დაუსვა 88-ე წუთზე - 3:1. ამრიგად, ინგლისი, რომელმაც მთელი ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა, ფინალში დამსახურებულად გავიდა. იტალიას კი, თავის დამშვიდება იმით მოუწევს, რომ ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს და ასევე, იტალიელთა 20 წლამდე ნაკრები მუნდიალზე ასე შორს, პირველად წავიდა.
იტალია - ინგლისი 1:3 (1:0)
გოლები: 1:0 ორსოლინი (2), 1:1 სოლანკე (66), 1:2 ლუკმანი (77), 1:3 სოლანკე (88)
ძალზე დრამატული და დაძაბული გამოდგა მეორე ნახევარფინალი: სამხრეთამერიკულ დერბში ფინალის საგზური ვენესუელას დარჩა. არადა, ურუგვაი თითქოს უფრო ახლოს იყო წარმატებასთან და მსაჯის კომპესირებულ წუთამდე იგებდა, მაგრამ ბოლოს მათთვის ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. ანგარიში დე ლა კრუსმა პენალტით გახსნა, ხოლო სოსამ 91-ე წუთზე გაათანაბრა. დამატებით დროში არაფერი შეცვლილა, პენალტების სერიაში კი უკეთე ვენესუელა გაისარჯა - 3:4.
ურუგვაი - ვენესუელა 1:1 პენ: 3:4 (0:0)
გოლები: 1:0 დე ლა კრუსი (49, პენ), 1:1 სოსა (90)
ფინალური მატჩი ინგლისსა და ვენესუელას შორის 11 ივნისს გაიმართება. იმავე დღეს, მესამე ადგილისთვის ერთმანეთს იტალია და ურუგვაი დაუპირისპირდებიან, რომლებმაც მუნდიალზე ასპარეზობა ურთიერთმატჩით დაიწყეს და დასრულებაც ერთად მოუწევთ...