WORLDSPORT.GE განაგრძობს რუბრიკას „ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატიდან“ და დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ქუთაისის „ტორპედოს“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე როინ კვასხვაძე.
როგორც თავად ფეხბურთელმა გვიამბო, თამაში 7 წლის ასაკში ქუთაისის სპორტსკოლა „მემორიალში“ დაიწყო. მერე იყო თბილისის „თბილისი“, სადაც 2 წელი დაჰყო და ამის შემდგომ აღმოჩნდა „ზესტაფონში“. ამბობს, რომ იქ გატარებული წლები სასიამოვნოდ ახსენდება და სურს, რომ „ტორპედოსთან“ ერთადაც მიაღწიოს ბევრ წარმატებას. ამბობს, რომ მეკარეობა ოჯახის ტრადიციაა, რადგან მისი ბაბუა და მამაც მეკარეები გახლდნენ. თავიდან ნახევარმცველის პოზიციაზეც სცადა თამაში, თუმცა ბედნიერია, რომ საბოლოოდ მეკარეობა ამჯობინა. მისაბაძი მოთამაშე იკერ კასილასი გახლავთ და საუკეთესო მოგონებად სწორედ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან თამაშს ასახელებს, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში „ფურია როხა“ 1:0 დაამარცხა.
როინ კვასხვაძე: „ჩემი კარიერა დაიწყო ქუთაისის სპორტსკოლა „მემორიალში“, რომლის პრეზიდენტიც მამაჩემი გიორგი კვასხვაძე გახლდათ და მინდა ვთქვა, რომ მას ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის, დღეს მე ფეხბურთს რომ ვთამაშობ და ადამიანად, კაცად, მეკარედ ჩამოვყალიბდი. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მას, იმისთვის რაც ჩემთვის გააკეთა. 7 წლიდან „მემორიალში“ ვიყავი. 13 წლისა წამოვედი თბილისის „თბილისში“ კობა ჟორჟიკაშვილთან, სადაც დაახლოებით ორი წელი გავატარე და 15 წლის ვიყავი, როდესაც „ზესტაფონმა“ ამ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელები შეიძინა. მათ შორის მეც ვთამაშობდი პირველ ლიგაში, რადგან მთავარ გუნდში მოხვედრა საკმაოდ რთული იყო. „ზესტაფონში“ ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ და ოცნება იყო ჩემი იქ მოხვედრა. სულ მალე ეს ოცნებაც ამიხდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი. მინდა ვთქვა, რომ ჩემს დაწინაურებაში ძალიან დიდი როლი თემურ მახარაძემ შეიტანა, რადგან ის იყო პირველი გუნდის მწვრთნელი და მთავარ გუნდშიც მან გადამიყვანა. 16 წლის ვიყავი, როდესაც პირველი თამაში ჩავატარე „ბორჯომთან (0:0). დებიუტით ძალიან ბედნიერი ვიყავი. ასე დაიწყო ჩემი კარიერა და ძალიან დიდი და სასიამოვნო დრო გავატარე „ზესტაფონში“. მოვიგეთ ტიტულები: ჩემპიონები გავხდით 2-ჯერ, 2-ჯერაც მოვიგეთ სუპერთასი და ერთხელ თასი. ეს დაუვიწყარი სიხარული სწორედ იქ ვიგრძენი, რომელზეც ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. მადლობა იქ მოღვაწე ადამიანებს, ვისაც თავისი წვლილი შეჰქონდა „ზესტაფონის“ წარმატებებსა და განვითარებაში. პირველ რიგში ილია კოკაიას, რადგან მან ბევრი რამ გააკეთა ამ გუნდისთვის.
- საინტერესოა, თავიდანვე მეკარეობა გსურდათ, თუ იყო ისეთი პოზიციაც, სადაც თავს ისევე კომფორტულად გრძნობდით, როგორც კარში?
- თავიდან ნახევარმცველი ვიყავი. ალბათ ეს იმ დროს, როდესაც ბავშვს არ აქვს გადაწყვეტილი რა პოზიციაზე სურს თამაში და მხოლოდ ბურთს დასდევს და საკმაოდ კარგად გამომდიოდა. მაგრამ მაინც იმ ტრადიციამ და გენებმა იჩინეს თავი, რადგან ჩემი ბაბუა როინ კვასხვაძე მეკარე იყო და თან საკმაოდ ძლიერი და მამაც ასევე მეკარე გახლდათ. ალბათ, სხვა არჩევანი არც მქონდა, რომ მეკარე არ ვყოფილიყავი. მართლაც ასე მოხდა, რისთვისაც კმაყოფილი ვარ და ვაგრძელებ ამ ტრადიციას.
- გარდა ბაბუისა და მამისა თუ გყავდათ ან გყავთ დღესდღეობით მისაბაძი მეკარე?
- მისაბაძი მეკარე ჩემთვის იკერ კასილასი იყო და არის ბავშობიდანვე. ძალიან მომწონდა მისი თამაში და ვფიქრობ, ძალიან ძლიერი მეკარეა და ასევე ძალიან კარგი და დადებითი პიროვნება.
- „ტორპედოზეც“ გკითხავ, გუნდში როგორი მდგომარეობაა და რა არის ამ სეზონის მთავარი მიზანი?
- გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა. იმის გათვალისწნებით, რომ საკმაოდ მოწინავე პოზიციაზე ვიმყოფებით, „ტორპედოს“ მიზანი ვფიქრობ, ყოველთვის ჩემპიონობა იყო და არც ახლა არის გამონაკლისი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სიხარული ვაჩუქოთ ამ ქალაქს და გულშემატკივებს, რადგან ისინი იმსახურებენ ამ ყველაფერს.
- წელს „ტორპედო“ ევროტურნირებზე გამოდის, როგორ ფიქრობ, ეს დამატებითი სტიმულია შიდა ჩემპიონატი მაღალ დონეზე რომ ჩაატაროთ?
- ვფიქრობ, რომ სტიმული ნამდვილად არის, მაგრამ ყოველთვის რთულია როდესაც საქართველოს ჩემპიონატს თამაშობ, ევროპა ლიგაზე კარგად წარმოაჩინო თავი, რადგან განსხვავება ძალიან დიდია და სწორედ ამის გამო უჭირს ყველა ქართულ კლუბს ჯგუფში მოხვედრა. როდესაც ჩემპიონატი საგრძნობლად გაუმჯობესდება და პირობებით და ინფრასტრუქტურით ევროპულ გუნდებს მივუახლოვდებით, მაშინ შეიძლება ამაზე ფიქრი. სტიმული არის და ვფიქრობ ძალიან დაგვეხმარება იქ მიღებული გამოცდილება ჩვენს ჩემპიონატში.
- ხომ არ გეგმავს გუნდი ევროტურნირამდე გაძლიერებას?
- სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე არაფერი ვიცი ამ თამასთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ თუ გუნდი დაიმატებს ისეთ ფეხბურთელებს, რომ გაძლიერდეს, მოხარული ვიქნები.
- თავად ხომ არ გაქვს შემოთავაზება სხვა ქართული თუ უცხოური კლუბიდან და ხომ არ გეგმავ ახლო მომავალში სადმე გადასვლას?
- ამ ეტაპზე კონცენტრაცია და ფიქრი „ტორპედოსკენ“ მაქვს მიმართული. მინდა ამ გუნდთან წარმატებას მივაღწიო და ძალიან დიდი იმედი მაქვს. არის რაღაც შემოთავაზებები, მაგრამ ამასთან დაკავშირებით თავს შევიკავებ, რადგან სერიოზული არაფერია.
- ჩემპიონატის დონეს როგორ შეაფასებდი?
- ვფიქრობ ჩემპიონატი საგრძნობლად გაიზარდა და საკმაოდ კარგი და დაძაბული თამაშებია. მიხარია ის ფაქტი, რომ მაყურებელს შეუძლია ყველა თამაშს მიადევნოს თვალყური. მისასალმებელია, მაგრამ ვფიქრობ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომ ჩვენი ჩემპიონატის დონე ამაღლდეს.
- პრინციპული მეტოქე, რომლის წინააღმდეგ მოტივაცია ბევრად დიდია. არის ასეთი გუნდი შიდა ჩემპიონატში?
- რა თქმა უნდა ჩემთვის ყველა თამაში პრინციპულია, მაგრამ მაინც ქართული „ელ კლასიკო“ ჩემთვის უფრო პრინციპულია და ალბათ ასე იქნება ყოველთვის „დინამოს“ წინააღმდეგ.
- ეროვნულ ნაკრებზეც გკითხავთ. ამხანაგურ მატჩს მართავთ, როგორი განწყობაა გუნდში და რას ელით ამ მატჩისგან?
- დღეს ამხანაგური თამაში გვაქვს და ეს მატჩი გამოგვადგება ოფიციალური მატჩისთვის მოსამზადებლად. კარგ ხასიათზე გავემგზავრებით მოლდოვასთან შესახვედრად.
- მატჩი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება?
- როდესაც ესპანეთის ნაკრებს მოვუგეთ 1:0. ეს არასოდეს დამავიწყდება და როცა ვიხსენებ ძალიან დიდ სიხარულს ვგრძნობ.
- ვის მიერ დარტყმულ თერთმეტმეტრიანს დაუხვდებოდი კარში სიამოვნებით?
- არვიცი რამდენად სასიამოვნო იქნება, მაგრამ რონალდოს პენალტს.
- ერთი საინტერესო ფაქტი შენს შესახებ, რომელიც შესაძლოა ჩვენმა მკითხველმა არ იცოდეს.
- ჩემთვის საინტერესო და ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ ახლახანს დავოჯახდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემს გვერდით არის ის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს და ამით ძალიან გავძლიერდი.
- შენი ოცნების გუნდი...
- ჩემი ოცნების გუნდი „მადრიდის“ რეალია. ბავშობიდანვე ამ გუნდს ვგულშემატკივრობ.
- და ბოლოს დაგვისახელე ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული შენი ვერსიიით...
კასილასი, რამოსი, მალდინი, მარსელო, ალვეში, ზიდანი, რონალდინიო, მესი, კრიშტიანუ რონალდუ, რონალდო და მარადონა.