სხვა

20:32 | 5.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გამოძიების შედეგებს ელის

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი იმედოვნებს, რომ ზამთრის ახალი სპორტული სეზონის დაწყებამდე სოკ-ის აღმასრულებელ საბჭოს ხელთ ექნება რუსეთში დოპინგის სისტემურ გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შედეგები. სოკ-ის აღმასრულებელი საბჭო სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას რუსეთის დელეგაციის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში დაშვებასთან დაკავშირებით.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) დამოუკიდებელი კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, სოკ-მა შარშან გახსნა დისციპლინარული საქმე 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე 28 რუსი სპორტსმენის წინააღმდეგ. ამასთან ერთად, რუსეთში დოპინგთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამოსაძიებლად შეიქმნა ორი კომისია: სადისციპლინო კომისია სოკ-ის წევრის დენის ოსვალდის მეთაურობით, რომლის დანიშნულებაცაა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე რუსი სპორტსმენების დოპინგ-ტესტების გადამოწმება და მეორე კომისია სამუელშმიდის მეთაურობით, რომელიც იკვლევს ინფორმაციის რეალობას ანტიდოპინგურ სისტემაში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობის შესახებ.

„ჩვენი სანქცია დამოკიდებული იქნება ამ კომისიების მიერ წარმოდგენილ მასალებზე, - აცხადებს თომას ბახი, - ვისურვებდი, რომ ეს მოხდეს ზამთრის სპორტული სეზონის დაწყებამდე, რათა ოლიმპიური საკვალიფიკაციო შეჯიბრებების წინ ყველაფერი გარკვეული იყოს."

ბახმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის სპორტში „სამართლიანობის" მომხრეა და არა „პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისა."

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ალექსანდრე ჟუკოვს იმედი აქვს, რომ საქმე სანქციებამდე არ მივა და რუსი სპორტსმენები შეძლებენ პიონჩანგში გამგზავრებას: „ეს ძალიან სახიფათო საქმეა და გამოიწვევს ოლიმპიური მოძრაობის გახლეჩვას. ამას გარდა, რუსების გარეშე ოლიმპიადა ნაკლებად საინტერესო იქნება. მსოფლიო ვერ ნახავს ჩვენი ჰოკეისტების თამაშებს, შესანიშნავი ფიგურისტის ევგენია მედვედევას და სხვების გამოსვლას."

დამოუკიდებელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსების დისკვალიფიკაციამდე საქმე არ მივა.

თავის მხრივ, WADA-ს ხელმძღვანელი კრეიგ რიდი არ გამორიცხავს, რომ წლეულს, ნოემბერში დანიშნულმა WADA-ს მმართველთა სხდომამ მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს საქმიანობის განახლების შესახებ.

geonoc.org.ge

0.107681