მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატზე პირველი-ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. ურუგვაი და ვენესუელა ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ. აღსანიშნავია, რომ ორივე მატჩში გამარჯვებულის გამოსავლენად 90 წუთი საკმარისი არ გამოდგა...
ვენესუელის ნაკრები დიდებულად ასპარეზობს და გასაკვირი არ იქნება, საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულსაც თუ მოიპოვებს. სამხრეთ ამერიკელებს ამჯერად აშშ-ს საინტერესო გუნდის ძლევა გაუძნელდათ, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწიეს და გამარჯვებულებს არ ასამართლებენ.
შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ გაილია, აი, დამატებითი 30 წუთეული კი, შედეგიანი აღმოჩნდა - პენაროდასა და ფერარისის გოლებით ვენესუელამ ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ამერიკელებმა ბოლოსკენ ანგარიში დაასველეს, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.
ვენსუელის ნაკრები ნახევარფინალში ურუგვაის დაუპირისპირდება 9 ივნისს.
ვენესუელა - აშშ 2:1 დ.დ (0:0)
გოლები: 1:0 პენაროდა (96), 2:0 ფერარისი (115), ებობისი (117)
ურუგვაის ნაკრებმაც დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა შემდეგი ეტაპის საგზური - არადა, მატჩი ერთი წუთის დაწყებულიც არ იყო, პორტუგალიელმა ქსანდრე სილვამ ანგარიში რომ გახსნა. მიუხედავად სწრაფი გაშვებული გოლისა, „სელესტეს“ ყურები არ ჩამოუყრია და მალევე გაათანაბრა. და მაინც, ანტრაქტზე დაწინაურებული ევროპელები გავიდნენ: გონსალვეშმა მეორედ აიღო სამხრეთამერიკელების კარი. შესვენების განახლებიდან მალევე წონასწორობა კიდევ ერთხელ აღდგა, ხოლო დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც უკეთ ურუგვაის ნაკრები გაისარჯა და ნახევარფინალში თამაშის უფლება ირგუნა.
პორტუგალია - ურუგვაი 2:2 პენ: 4:5 (2:1)
გოლები: 1:0 სილვა (1), 1:1 ბუენო (16), 2:1 გონსალვეში (41), 2:2 ვალვერდე (50, პენ)
დღეს დარჩენილი ორი მეოთხედფინალი გაიმართება ზამბია - იტალია, მექსიკა - ინგლისი.