იტალიურმა „მილანმა“ მორიგი ტრანსფერი გაჩარხა და ბერგამოს „ატალანტადან“ კოტ დივუარელი ნახევარმცველი ფრანკ კესიე გაიფორმა. 20 წლის აფრიკელი „სან სიროზე“ იჯარის წესით ითამაშებს, თუმცა „როსონერის“ მისი გამოსყიდვა 2019 წლის ზაფხულში 28 მილიონის სანაცვლოდ შეეძლება.
კესიეს „მილანში“ გადაბარგება ჯერ კიდევ ორი დღის წინ გადაწყდა, მაგრამ თავდაპირველად სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა ხელმეორე ტესტი წარმატებით დაძლია და 1 ივლისიდან ახალ გუნდს შეუერთდება. კესიე „მილანში“ 19 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ფრანკ კესიე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი აწ დასრულებულ სეზონში გახდა, როდესაც „ატალანტას“ ერთ-ერთ ლიდერად იქცა. მან იტალიის ჩემპიონატში 30 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. იქამდე კესიე ქვედალიგელ „ჩეზენაში“ გამოდიოდა.