ფეხბურთი

14:55 | 3.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში: "1998-ში "რეალმა" თამაშგარედან გატანილი გოლით მოიგო"

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი დანი ალვეში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებისთვის მზადაა. როგორც ბრაზილიელმა თქვა, ის და „იუვე“ მეტოქეს პატივს სცემენ, მაგრამ მისი არ ეშინიათ. ალვეშმა ასევე 1998 წლის ფინალი გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ „რეალმა“ თამაშის წესების დარღვევით გატანილი გოლით მოიგო.

„ჩვენთვის პრივილეგიაა ფინალში ყოფნა და ამ მომენტით უნდა დავტკბეთ, ვინც უნდა იყოს მეტოქე. დღეს საჭიროა, ისტორიის მორიგი ფურცელი დავწეროთ. თანაგუნდელებს ვურჩევ, მშვიდად დაიძინონ, რადგან თამაშის დროს ბევრი სამუშაო გვექნება. „რეალთან“ ჩვენი უპირატესობა მეტი გუნდურობაა.

ეს არაა ალვეშისა და „რეალის“ შეხვედრა, ეს „იუვენტუსი“ – „რეალია“. ბოლო ფინალი ესპანელებმა „იუვეს“ თანაშგარედან გატანილი გოლით მოუგეს. რაც შეეხება ჩემს შესაძლო რეკორდს, ეს არაა მნიშვნელოვანი. მე მხოლოდ გუნდის გამარჯვებაზე ვფიქრობ და არა იმაზე, რომ შემიძლია გავხდე ისტორიაში პირველი, ვინც სამჯერ მოიგებს ტრიპლეტს.

უნდა ვითამაშოთ მოსაგებად და გულშემატკივრების გასახარებლად. ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეს და მის ისტორიას, მაგრამ არ გვეშინია“, - აღნიშნა ალვეშმა.

აქვე გეტყვით, რომ თუ „იუვენტუსი“ მოიგებს, დანი ალვეში გახდება პირველი ფეხბურთელი, ვისაც ერთ სეზონში სამი ტიტული კარიერაში სამჯერ ექნება მოგებული. „იუვენტუსისა“ და „რეალის“ შეხვედრა კი, დღეს კარდიფში გაიმართება.

0.114309