გიორგი არაბიძე დონეცკის „შახტარის“ მთავარ გუნდში ათამაშეს - ქართველი ფეხბურთელი უკრაინის პრემიერლიგის ბოლო ტურში „ოლექსანდრიას“ წინააღმდეგ (1:1) ძირითად შემადგენლობაში იყო. პაულუ ფონსეკამ 19 წლის შემტევს მხოლოდ 45 წუთი დაუთმო და შესვენებაზე შეცვალა. არადა, "შახტარის" ერთადერთი გოლი აღნიშნულ მატჩში, დიდწილად ჩვენებურის დამსახურებაა: მე-19 წუთზე შეტევა წამოიწყო, თავადვე გააგრძელა მარჯვენა ფლანგიდან და მოხდენილი პასით ბორიაჩუკს ახლო მანძილიდან გაატანინა. და მაინც, ფონსეკამ მეორე ტაიმში იგი მოედანზე აღარ გამოიყვანა...
თუმცა, ესეც საქმეა, რადგან პორტუგალიელი მწვრთნელი წინამორბედ მირჩა ლუჩესკუსგან განსხვავებით, გიორგის შანსს არ აძლევდა და მეტიც, ახლა უკვე დასრულებულ სეზონში, ეს არაბიძის პირველი თამაში იყო მთავარი გუნდის შემადგენლობაში.
ისე კი, 21-წლამდელებში ჩინებული სეზონი ჩაატარა და 15 გოლით საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. შეგახსენებთ, „შახტარი“ უკრაინის ჩემპიონი გახდა და დამდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.