სამხრეთ კორეაში ერთდღიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატი განახლდა. გაიმართა პირველი-ორი მერვედფინალური მატჩი და შესაბამისად, მეოთხედფინალისტებიც გამოვლინდნენ.
ჯგუფური ეტაპი მასპინძელმა სამხრეთ კორეამ ჩინებულად ჩაატარა, ხოლო პორტუგალია პირიქით, სუსტად. მიუხედავად ამისა, პლეი-ოფის საწყის სტადიაზე ლუზიტანელებს საერთოდ არანაირი პრობლემა არ შეჰქმნიათ და მეოთხედფინალის საგზური მარტივად მოიპოვეს. ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა, როცა სტუმრებმა აზიელებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. მეორე ნახევარში გუნდებმა მხოლოდ გოლები გაცვალეს და პორტუგალიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს. მუნდიალი კი, მასპინძლის გარეშე გაგრძელდება.
მეოთხედფინალურ ეტაპზე პორტუგალია 4 ივნისს, ურუგვაისა და საუდის არაბეთის წყვილიდან საუკეთესოს გაეჯიბრება.
სამხრეთ კორეა - პორტუგალია 1:3 (0:2)
გოლები: 0:1 ქსადასი (10), 0:2 ბრუნო კოსტა (27), 0:3 ქსადასი (69), 1:3 ლი სანგეონი (81)
მეორე მერვედფინალურ მატჩში ფავორიტმა მოიგო, თუმცა უფრო მეტი ბრძოლა იყო, ვიდრე პირველ შეხვედრაში. ვენესუელამ ჯგუფში დიდებულად ითამაშა და ყველა შეხვედრა მოიგო. აქედან გამომდინარე იაპონიასთან ფავორიტის სტატუსით გავიდა მოედანზე. სამხრეთ ამერიკელებს აზიელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და გამარჯვებული 90 წუთში არც გამოვლენილა. ყველაფერი 108-ე წუთზე ვენესუელეთა კაპიტნის, ერერას გოლმა გადაწყვიტა.
ვენესუელის ნაკრები მეოთხედფინალში 4 ივნისს, აშშ-სა და ახალი ზელანდიის წყვილიდან გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ვენესუელა - იაპონია 1:0 დ.დ (0:0)
გოლი: 1:0 ერერა (108)
დღეს კიდევ სამი მეოთხედფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი: ურუგვაი - საუდის არაბეთი, ინგლისი - კოსტა რიკა, ზამბია - გერმანია.