სპორტკომპლექს "ოლიმპიკში" წყალბურთელთა ახალი გუნდის პრეზენტაცია გაიმართა. ქართულ წყალბურთს 22-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისის "დინამო" დაუბრუნდა. ახალი გუნდის პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დავით რურუა და საქართველოს ნაკრების მოთამაშეები - ზურაბ რურუა, მიხეილ ბაღათურია და გიორგი ხვედელიანი დაესწრნენ.
"დინამო" საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებითა და უცხოელი მოთამაშეებით დაკომპლექტდა. გუნდის კაპიტანი ზურაბ რურუა იქნება, რომელიც ამავდროულად ეროვნული ნაკრების კაპიტანიც გახლავთ. გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის გარდა მომავალში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას, ასევე 6 ქვეყნის "დინამოს" მონაწილეობით საერთაშორისო ტურნირის გამართვას გეგმავს.
ტარიელ ხეჩიკაშვილი:" მისასალმებელია ნაკრების წევრების ასეთი წამოწყება - ისტორიული კლუბის აღდგენა. ეს ყველაფერი გაზრდის კონკურენციას და აამაღლებს ეროვნული ჩემპიონატის დონეს. იმედი მაქვს "დინამოს" წარმატებები საერთაშორისო სარბიელზეც ექნება. ჩვენის მხრივ, მაქსიმალურად დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ, ამ ისტორიული გუნდის განვითარებას, რომელსაც ქართული წყალბურთის ისტორიაში ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა".
საქართველოს ჩემპიონატი წყალბურთში
29 მაისი სასწავლო საწყლოსნო კომპლექსი "ოლიმპიკი"
თბილისი - ლოკომოტივი 17:00 საათი
დინამო თბილისი - ზვიგენები 18:30 საათი
30 მაისი:
ლოკომოტივი - ზვიგენები 17:00 საათი
დინამო თბილისი - თბილისი 18:30 საათი
31 მაისი:
ზვიგენები - თბილისი 17:00 საათი
დინამო თბილისი - ლოკომოტივი 18:30 საათი
დასწრება თავისუფალია
საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრესსამსახური