ფეხბურთი

0:17 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალმა” უფერული სეზონი ასოციაციის თასის მოგებით დაასრულა

ლონდონის “არსენალი” ინგლისის ასოციაციის თასის 2016/2017 წლების სეზონის გამარჯვებულია. არსენ ვენგერის გუნდმა ფინალურ მატჩში თანაქალაქელი “ჩელსი” დაამარცხა და უფერული სეზონი ოდნავ შეალამაზა.

“არსენალმა” მიმდინარე სეზონი ნამდვილად ჩააგდო და 21 წლის შემდეგ, პირველად ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა. აქედან გამომდინარე, “მეთოფეებისთვის” დღევანდელ მატჩს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა და საბოლოოდ, საკუთარი ფანების გახარება მოახერხეს.

“მეთოფეებმა” შეხვედრა ძალიან აქტიურად, სწრაფ ტემპში დაიწყეს და ალექსის სანჩესმა ანგარიში მე-4 წუთზევე გახსნა. ვენგერის შეგირდებმა გატანილი გოლის შემდეგაც შეტევები განაგრძეს და მეორე გოლის გატანასთან რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყვნენ. განსაკუთრებით რეალური საგოლე მომენტი აარონ რემსის ჰქონდა, რომელმაც დამატებაზე ერთი მეტრიდან ვერ მოახერხა გოლის გატანა.

მეორე ნახევარიც საკმაოდ საინტერესო და კარგი სანახავი გამოდგა. 68-ე წუთზე სიმულაციის გამო ვიქტორ მოზესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და “ჩელსი” 10 კაცით დარჩა. თითქოს, “არსენალს” გადამწყვეტი უპირატესობა უნდა მოეპოვებინა, მაგრამ პირიქით მოხდა და რვა წუთში დიეგო კოშტამ შესანიშნავი ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე წონასწორობა აღადგინა.

“მეთოფეები” გაშვებული გოლის შემდეგ უმალ გამოცოცხლდნენ და სამ წუთში კვლავ წინ გავიდნენ: რამდენიმე წამით ადრე ოლივიე ჟირუმ კარგად ითამაშა და აარონ რემსის ბურთი თავზე დაასვა, რომელმაც ტიბო კურტუას შანსი არ დაუტოვა.

დარჩენილ დროში “ჩელსი” მთელი ძალებით წინ წავიდა და რომ არა ოსპინას მშვენიერი თამაში, დიეგო კოშტა დუბლს გაიფორმებდა. უსაქმოდ არც “არსენალი” ყოფილა და კონტრშეტევებზე ორჯერ მართებდათ გატანა: ბელერინმა ოდნავ ააცილა კარს, ხოლო მესუთ ოზილმა ძელს გაარტყა ბურთი – 2:1.

“არსენალმა” ინგლისის ასოციაციის თასი მე-13-ედ მოიგო და ამ მხრივ ტურნირის რეკორდსმენია.

არსენალი – ჩელსი 2:1 (1:0)

ლონდონი, “ემირეითს სთედიუმი”

არსენალი (3-4-2-1): ოსპინა, მერტესაკერი, ჰოლდინგი, მონრეალი, ჯაკა, რემსი, ჩემბერლენი (კოკლენი 82), ბელერინი, სანჩესი (ელნენი 93), ოზილი, უელბეკი (ჟირუ 78).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ჩელსი (3-4-3): კურტუა, ლუისი, კეჰილი, აზპლიკუეტა, მატიჩი (ფაბრეგასი 61), კანტე, ალონსო, მოზესი, პედრო (ვილიანი 72), აზარი, კოშტა (ბაჩუაი 88).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 1:0 სანჩესი (4), 1:1 კოშტა (76), 2:1 რემსი (79)
გაფრთხილებები: რემსი, ჰოლდინგი, ჯაკა, კოკლენი – მოზესი, კანტე
გაძევება: მოზესი (68)
მსაჯი: ენტონი ტეილორი

0.13746