დასრულდა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალური სერიის მესამე შეხვედრა , რომელსაც ქუთაისმა უმასპინძლა. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა ,,დინამომ“ ამჯერადაც დიდი ანგარიშით 93:76 მოუგო აწ უკვე ქვეყნის ექს-ჩემპიონ ,,ქუთაისს“, სერიაში 3:0 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.
,,დინამომ“, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერობდა, შეიძლება ითქვას, რომ პირველი ადგილი და ოქროს მედალი დამსახურებულად მოიპოვა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. მალე ,,დინამო“ დაწინაურდა და თითქმის მთელი მეოთხედის განმავლობაში ლიდერობდა. მასპინძლებმა მხოლოდ მეოთხედის დასრულებამდე 59 წამით ადრე შეძლეს ზაურ ფაშაევის მიერ ზუსტად ნასროლი სამქულიანის შემდეგ დაწინაურება 19:17. დარჩენილ დროში ,,დინამო“ კვლავ დაწინაურდა და დროის ეს მონაკვეთი 21:19 მოიგო.
მეორე მეოთხედიც გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. მალე ,,დინამომ“ კვლავ შეძლო უპირატესობის მოპოვება და ამის შემდეგ ხელიდან აღარ გაუშვია. პირველი ტაიმის ანგარიშია 45:35 ,,დინამოს“ სასარგებლოდ.
მეორე ტაიმში სტუმრები სრულ უპირატესობას ფლობდნენ. რამდენიმე ანგარიშში სხვაობამ 20 ქულასაც კი მიაღწია. მასპინძლები ბევრს ეცადნენ, მაგრამ თამაშში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს.
საერთო ჯამში, ,,დინამომ“ ამ სეზონში 9:1 შეძლო ქუთათურების დამარცხება. კოტე ტუღუშის შეგირდებმა ეს ერთადერთი გამარჯვება უაღრესად მნიშვნელოვან, თასის ფინალურ შეხვედრაში მოიპოვეს და ,,დინამოს“ დუბლის გაკეთების საშუალება არ მისცეს.
ამ შეხვედრაში 19 ქულითა და 9 პასით ყველაზე კარგი შედეგი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ქუთაისის“ წევრმა გიორგი ცინცაძემ აჩვენა. 16 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი როგორც ნაკრებში, ისე კლუბში მისმა თანაგუნდელმა ბექა ბექაურმა შეასრულა.
ქუთათურებისაგან განსხვავებით, ,,დინამომ“ გუნდური თამაში აჩვენა და გამორჩეული ლიდერი არ ჰყოლია. მათგან ყველაზე მეტი 17 ქულა ამერიკელმა ლეგიონერმა დეონტა ვონმა დააგროვა. თითო ქულით ნაკლები, 16-16 ქულა ილია ლონდარიძისა და მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზეა. 10 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი ლევან ფაცაციამ შეასრულა.
,,ქუთაისი“- ,,დინამო“ 76:93 (19:21 , 16:24, 14:18, 27:30)
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
- დინამო
- ქუთაისი
- რუსთავი
- კაკტუსი
- სოხუმი
- მგზავრები
- ოლიმპი
- ბათუმი
ბოლო ადგილზე გასულმა ,,ბათუმმა“ სუპერლიგა დატოვა. მის ადგილს ,,ა“ ლიგის გამარჯვებული მარნეულის ,,დელტა“ დაიკავებს.