„რომა“ და „ნაპოლი“ როგორც ჩანს, ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებენ. ყოველშემთხვევაში „ჯალორისიც“ და „აძურიც“ ტურინის „იუვენტუსში“ კვალში უდგანან და თუ „იუვე“ „კროტონესთან“ წაიფორხილებს, ბოლო ტურში დიდი ამბების მომსწრენი ვიქნებით. ამაზე ხვალ ვისაუბრებთ, იქამდე კი, „რომას“ მორიგ ფეერიულ თამაშზე ვთქვათ.
ლუჩანო სპლატის გუნდმა სტუმრად 5 გოლი ბოლოს 1995 წელს გაიტანა და ახლა იგივეს გაკეთება მოახერხა - 22 წლის მერე. არადა, ვერონაში, რომაელთათვის მოვლენები კარგად არ ვითარდებობდა - კასტროსა და რობერტო ინგლეზეს გოლებით ორჯერ იგებდა კიდევ „კიევო“, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს: „რომამ“ მეორე ტაიმში გამოაჩინა კლანჭები და უმოტივაციო მეტოქეს მაინც აჯობა. ჩინებულად გაისარჯა სტეფან ელ შაარავი, რომელმაც დუბლი გაიფორმა. სხვათა შორის, „ფარაონმა“ მიჯრით მესამე შეხვედრაში შეძლო გატანა და ასეთი კარგი სერია ბოლოს 2012 წლის დეკემბერში ჰქონდა. მასავით, ორჯერ დაამწუხრა „მფრინავი ვირები“ მოჰამედ სალაჰმა, მეხუთე გოლი კი, ედინ ჯეკოს ანგარიშზეა, რომელიც ბომბარდირთა დავას 28 გოლით ლიდერობს და ანდრეა ბელოტის კონკურენცია ალბათ, საბოლოოდ დძლია, თუმცა ახლა მას დრის მერტენსი მიუახლოვდა (ბელგიელზე ქვემოთ გიამბობთ). აქვე გეტყვით, რომ ჯეკოს სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 38 გოლი დაუგროვდა და ეს „რომას“ ყველა დროის რეკორდია შედეგიანობის მხრივ ერთ სეზონში. „მგლებს“ 84 ქულა აქვთ და „იუვენტუსთან“ ჩამორჩენა უკვე კინკილა ქულას შეადგენს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, იქნებ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს...
საჩემპიონო შანსი ჯერ კიდევ გააჩნია „ნაპოლისაც“ - ნეაპოლელებს 83 ქულა აქვთ. სხვათა შორის, ეს ამ გუნდისთვის სარეკორდო მაჩვენებელია, რადგან ასე მაღალ ნიშნულზე „ნაპოლი“ თავის ისტორიაში არ ასულა. მაურიციო სარის შეგირდებმა ამჯერად „ფიორენტინა“ არ დაინდეს, მეტიც ძალზე ადვილად დაჯაბნეს - 4:1. დუბლით გამოირჩა დრის მერტენსი, რომელსაც უკვე 27 გოლი აქვს დაგროვილი და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. უგოლოდ მოედანი არც ლორენცო ინსინიეს დაუტოვებია - მის ანგარიშზე 17 გოლია და ბოლო სამ სეზონში ერთად არ გაუტანია ამდენი. მოკლედ, „ნაპოლის“ ფეხბურთელები და მეტწილად, შემტევები დიდებულად ირჯებიან. აი, „ფიორენტინას“ კი, ევროპა ლიგაზე უნდოდა გასვლა, მაგრამ ამ მატჩის შემდეგ ამის მოხერხება უფრო ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება, ვიდრე რეალობის.
37-ე ტური კვირას განახლდება. შესაძლოა, საჩემპიონო ინტრიგას სწორედ აქ დაესმას წერტილი - ან პირიქით, სიტუაცია უფრო დაიძაბოს.
„კიევო“ – „რომა“ 3:5 (2:2) VIDEO
ვერონა, „ბენტეგოდი“
მაყურებელი: 13 000
„კიევო“ (4-3-1-2): სორენტინო; კაჩატორე, გამბერინი (ფრეი 57), ცეზარი, გობი; დეპაოლი, რადოვანოვიჩი, ბასტიენი; კასტრო (პელისიერი 46); ინგლეზე (ვინიატო 87), ბირსა
მწვრთნელი: როლანდო მარანი
„რომა“ (4-3-3): შჩესნი; რუდიგერი, მანოლასი, ფაციო, ემერსონი; სტროტმანი, დე როსი, პარედესი; სალაჰი (პეროტი 82), ჯეკო (ტოტი 86), ელ შაარავი (ნაინგოლანი 71)
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი
გოლები: 1:0 კასტრო (15), 1:1 ელ შაარავი (28), 2:1 ინგლეზე (37), 2:2 სალაჰი (43), 2:3 ელ შაარავი (58), 2:4 სალაჰი (77), 2:5 ჯეკო (83), 3:5 ინგლეზე (86)
გაფრთხილება: კასტრო (15), რადოვანოვიჩი (47)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 16 (11) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 2:3
მსაჯი: ანტონიო დამატო
„ნაპოლი“ – „ფიორენტინა“ 4:1 (2:0) VIDEO
ნეაპოლი, „სან პაოლო“
მაყურებელი: 35 000
„ნაპოლი“ (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ზიელინსკი, ჟორჟინიო (დიავარა 69), ჰამშიკი (როგი 65); კალეხონი, მერტენსი (პავოლეტი 79), ინსინიე
მწვრთნელი: მაურიციო სარი
„ფიორენტინა“ (3-4-2-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, დე მაიო; ბერნარდესკი, ბადელი, ვესინო, კრისტოფორო (ტელო 55); ილიჩიჩი, ოლივერა (ბაბაკარი 54); კალინიჩი (საპონარა 81)
მწვრთნელი: პაულო სოუზა
გოლები: 1:0 კულიბალი (8), 2:0 ინსინიე (36), 3:0 მერტენსი (57), 3:1 ილიჩიჩი (60), 4:1 მერტენსი (65)
გაფრთხილება: ალბიოლი (43), კულიბალი (49) - ვესინო (58)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (12) – 14 (6) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 2:0
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
ბომბარდირები: ედინ ჯეკო („რომა“) – 28 გოლი, დრის მერტენსი („ნაპოლი“) – 27, ანდრეა ბელოტი („ტორინო“) - 25, მაურო იკარდი („ინტერი“) – 24, გონსალო იგუაინი („იუვენტუსი“) – 24, ჩირო იმმობილე („ლაციო“) – 22.