ნინო ოძელაშვილი ევროპის 2-გზის ჩემპიონია. 52 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე სამბისტი ევროპული კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ზედიზედ მეორედ გუშინ ავიდა, მინსკში მიმდინარე ევროპირველობაზე. გადამწყვეტ ბრძოლაში ოძელაშვილმა რუსი ირინა ალექსეევა დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა სამდღიანი ჩემპიონატის პირველ დღეს სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა. პაატა ღვინიაშვილი (90 კგ) ფინალში გავიდა და უმაღლეს ტიტულამდე რუსი მიხაილ პოლიანსკოვის ძლევა დააკლდა, ლევან ბერბერაშვილმა (52 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
დღეს, სპორტულ სამბოში ვაჟებსა და ქალებს შორის მედლების მორიგი სამ-სამი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (74 კგ), დავით ლორიაშვილი (100 კგ) და მარი მახარაშვილი (52 კგ). ხვალ კი საქმეში ზვიად ოდოშაშვილი (62 კგ), ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ), სალომე აბაშიძე (56 კგ), თეა სუხიტაშვილი (68 კგ), ნიკო კუცია (82 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ) ჩაებმებიან.