ფეხბურთი

21:15 | 17.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

დირკ კუიტმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ვეტერანმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა დრიკ კუიტმა აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად ავრცელებს “ფეიენოორდის” ვებგვერდი. სწორედ ამ კლუბის რიგებში თამაშობდა ბოლოს 36 წლის შემტევი.

“ჩემი კარიერის განმავლობაში გულს ყოველთვის ვენდობოდი და ახლაც ასეა: ვფიქრობ, შესაფერისი მომენტია კარიერის დასასრულებლად. როტერდამში გატარებული ბოლო ორი წელი არასდროს დამავიწყდება. ოცნებად მქონდა, რომ “ფეიენოორდს” ჰოლანდიის ჩემპიონატში ემარჯვა და ახლა შემიძლია ვთქვა, ფეხბურთში ყველა ოცნება ამიხდა”, - თქვა კუიტმა.

დირკ კუიტს “ფეიენოორდის” გაჩემპიონებაში მართლაც დიდი წვლილი მიუძღვის – როტერდამელებმა ერედივიზიონის ბოლო ტურში “ჰერაკლესს” 3:1 მოუგეს და სამივე გოლი კუიტმა გაიტანა. გუნდმა კი, ჩემპიონის ტიტული 18-წლიანი პაუზის მერე მოიპოვა. მთლიანობაში დირკმა მიმდინარე სეზონში 31-ჯერ ითამაშა და 12 გოლი გაიტანა. კიდევ უფრო წარმატებულად ის შარშანდელ სეზონში გამოვიდა: 32 მატჩი, 19 გოლი.

რაც შეეხება კარიერას – კუიტმა ფეხბურთის თამაში “უტრეხტში” დაიწყო, თუმცა თავი “ფეიენოორდში” 2003-2006 წლებში გამოიჩინა. შემდეგ იყო “ლივერპული” და “ფენერბაჰჩე”. ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში მან 2004-2016 წლებში 104 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა.

0.107979