ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" აზერბაიჯანის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და კვლავ ითამაშებს ევროტურნირებზე. თასების თასის მფლობელ კაცს აზერბაიჯანში საკმაოდ აფასებენ. ეს უფრო იმიტომ, რომ"ინტერი" ღრმა ფინანსური კრიზისის ფონზე ახერხებს სამეულში სტაბილურად ყოფნას.
ისიც გვახსოვს, სვანაძის გაწვრთნილებმა ევროპის ლიგაზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპი რომ გადალახეს და მესამეში ესპანურ "ბილბაოსთან" გავარდნენ, ოღონდ, მართლაც ღირსეულად ეთამაშნენ - სტუმრად 0:2 და შინ 0:0. თანაც, ახლანდელზე შესამჩნევად უკეთესი "ბილბაო" იყო.
ზაურ სვანაძე საქმის ჩუმად გამკეთებელი კაცია და არც სკანდალებში ეხვევა. "ინტერში" თანაშემწედ ჰყავს რამაზ სვანაძე, რომელიც მისი ძმისშვილია. კლუბის ექიმი კი მერაბ ვარძუკაშვილი (ამავდროულად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმიც) გახლავთ. "ინტერში" ბოლო წლებში თამაშობდა ზურაბ ხიზანიშვილი და გუნდის ლიდერიც იყო.
სვანაძეს თბილისში გავესაუბრეთ:
- ბოლო წლებში "ინტერს" ფინანსური კრიზისი აქვს. აზერბაიჯანულ ფეხბურთში ფული ტრიალებს და რატომ ჩავარდა გასაჭირში თქვენი კლუბი?
- სამი წლის წინ დაგროვებული ვალების გამო. ბოლო ორი წლის განმავლობაში კლუბმა ექვსი მეპატრონე გამოიცვალა. ეს იმიტომ, რომ ბანკმა უარი თქვა "ინტერის" დაფინანსებაზე. ბოლოს აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაცია პატრონობდა კლუბს. სხვა გზა არ ჩანდა. ახლაც აკრძალული გვაქვს ტრანსფერები, ახალი ფეხბურთელი ჯერ ვერ მიგვყავს გუნდში. ჯერჯერობით არ ვიცი, რა იქნება.
- ამ ყველაფრის ფონზე, გასულ სეზონს, ალბათ, დადებითად შეაფასებთ.
- რა თქმა უნდა. ხელფასები არ იყო და ახლაც დაგვიანებულია ორი თვისა. ყველაფერი მოქმედებდა, მაგრამ ერთად ვიდექით და გუნდის თითოეული თანამშრომლის მიმართმადლობის მეტი არაფერი მეთქმის. წარმოიდგინეთ, შუა სეზონში ორი წამყვანი ფეხბურთელი წაგვართვეს. ერთი - "ყარაბაღმა", მეორე - "ნეფთჩიმ". ახლა კიდევ მიჰყავთ მეკარე აგაევი და აი, ზურაბ ხიზანიშვილიც თავს ანებებს თამაშს. "ხიზანას" გარეშე კიდევ უფრო გაგვიჭირდება.
- შეიძლება ითქვას, რომ ამ ასაკშიც კი, ხიზანიშვილი აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახლდათ?
- დიახ. სტაბილურად კარგად თამაშობდა. მითუმეტეს, რთულ პერიოდში მისი ლიდერული თვისებები გამოგვადგა. ადრე ნიკა კვეკვესკირი წავიდა "გაბალაში" და მისი სახით დიდი ძალა დავკარგეთ.
- თქვენი თანაშემწეა რამაზ სვანაძე, რომელიც თბილისის "დინამოში" თამაშობდა. რამდენად გეხმარებათ ის ფაქტი, რომ გვერდში ქართველი გყავთ და თანაც, ძმისშვილი?
- რამაზი ფეხბურთით ცხოვრობს, აქტიურადაა ჩართული ყველა პროცესში. მის გარდა,ფიზმომზადების სერბი მწვრთნელი გვყავს და ასევე, ექიმი მერაბ ვარძუკაშვილი. მოხარული ვარ, რომ ვინც კი გუნდში მივიყვანე, ყველამ გაამართლა და ყველანი დიდ პატივისცემას ისახურებენ როგორც ფეხბურთელებს, ასევე გულშემატკივართა შორისაც.
- მოედნების მხრივ, როგორი მდგომარეობაა აზერბაიჯანში?
- "გაბალასა" და "ყარაბაღს" კარგი მოედნები აქვთ. ჩვენი ხელოვნურსაფარიანია, მაგრამ ხარისხით არაუშავს. ისე, ადრე უკეთესი იყო, ცოტა გაფუჭდა. უმაღლესი ლიგის გუნდებიდან მხოლოდ "ქიაფაზს" არ უვარგა მინდორი.
- საქართველოს ჩემპიონატს თვალს ადევნებთ?
- რა თქმა უნდა. თუ დაკავებული არ ვარ, თამაშებს ვუყურებ.
- რა მოგწონთ წლევანდელ ეროვნულ ლიგაში და რა - არა?
- დადებითი სიახლე მეტია. მომწონს ათგუნდიანზე გადასვლა და ის, რომ ასე კარგად შუქდება ჩემპიონატი. ეტყობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ამ მხრივ დიდი სამუშაო გასწია. ნელ-ნელა სათამაშო დონეც გაუმჯობესდება, ყველაფერი უცებ არ მოდის. ისიც კარგია, რომ ამდენი ლიგა შეიქმნა საქართველოში. თუ არ ვცდები, სულ ხუთი ლიგაა. აზერბაიჯანში მხოლოდ ორია - უმაღლესი და პირველი.
- საქართველოდან გქონიათ შემოთავაზება?
- არა. იციან, რომ "ინტერთან" კონტრაქტი მაკავშირებს. უმუშევარი რომ ვიყო, შესაძლოა, შემოეთავაზებინათ.