ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის სამი შეხვედრა გაიმართა.
“ტორონტო” შინ “კლივლენდთან” 102:109 დამარცხდა, “კლივლენდმა” სერია 4:0 მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც “ბოსტონი” “ატლანტას” გამარჯვებულს შეხვდება. მეოთხე მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “კავალიერსმა” 33:21 მოიგო. ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 35 ქულა 9 მოხსნა და 6 პასი შესძინა. კაირი ირვინგმა 27 ქულა ჩააგდო. “ტორონტოში” სერჟ იბაკა 23 ქულით გამოირჩა.
“ვაშინგტონმა” შინ “ბოსტონი” 121:102 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 2:2 გახადა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც დედაქალაქელებმა 42:20 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა ბრედლი ბილმა ჩააგდო. ჯონ უოლმა გუნდს 27 ქულა და 12 პასი გააკეთა. “ბოსტონში” 19 ქულით აიზეა ტომასი გამოირჩა. სერიის მომდევნო შეხვედრა ბოსტონში 11 მაისს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
“ჰიუსტონმა” შინ “სან ანტონიოს” 125:104 მოუგო. “სან ანტონიო” მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში გახლდათ, გრეგ პოპოვიჩის შეგირდებმა შეხვედრაში ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხეს. ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 28 ქულა, 12 პასი და 5 მოხსნა შესძინა. “სან ანტონიოში” სიმონსი 17 ქულით გამოირჩა. სერიაში ანგარიში 2:2 გახდა, სერიის მეხუთე შეხვედრა სან ანტონიოში 10 მაისს თბილისის დროით 03:00 საათზე გაიმართება.
“ტორონტო” – “კლივლენდი” 102:109 (28:28, 21:33, 31:24, 22:24) VIDEO
“ვაშინგტონი” – “ ბოსტონი” 121:102 (20:24, 28:24, 42:20, 31:34) VIDEO
“ჰიუსტონი” – “სან ანტონიო” 125:104 (34:22, 23:31, 34:23, 34:28) VIDEO