საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალურ სერიაში, სადაც ერთმანეთს ,,ქუთაისი“ და ,,კაქტუსი“ ხვდებიან, დღეს მეორე შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ქუთაისმა უმასპინძლა.
პირველი მატჩისაგან განსხვავებით, რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, შეხვედრამ ამჯერად მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა და მათივე გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 82:67. ამრიგად, სერიაში, რომელიც სამ მოგებამდე გრძელდება, ,,ქუთაისი“ 2:0 დაწინაურდა და ფინალამდე ერთი მოგება აშორებს.
ამ შეხვედრის პირველი მეოთხედი ,,ქუთაისის“ უპირატესობით დაიწყო. დროის ამ მონაკვეთის მიწურულს სტუმრები გააქტიურდნენ და ანგარიშში სხვაობა ერთ ქულამდე დაიყვანეს 24:23. დარჩენილ დროში სულ მასპინძლები ლიდერობდნენ. შეხვედრის ერთ-ერთ მომენტში მათმა უპირატესობამ 17 ქულას მიაღწია. საბოლოოდ კი 15 ქულიან უპირატესობას დასჯერდნენ.
მაპინძელთა გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ,,ქუთაისისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი ცინცაძემ შეიტანა, რომელმაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 24 ქულა დააგროვა. თითო-თითო ქულა და მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე მის თანაგუნდელ ბექა ბექაურს.
სტუმართა შორის ყველაზე კარგი შედეგი ამერიკელმა ლეგიონერმა ჯონ ფლოვიესმა აჩვენა, რომელმაც ამ შეხვედრაში 20 ქულითა და 13 მოხსნით ერთადერთი ორმაგი დუბლი შეასრულა.
ამ გუნდების მესამე შეხვედრა 9 მაისს გაიმართება, რომელსაც ამჯერად ,,კაქტუსი“ უმასპინძლებს.
შეიძლება ითქვას, რომ ,,ქუთაისს“ ფინალში თამაში თითქმის განაღდებული აქვს, რადგან ,,კაქტუსს“ ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ზედიზედ სამი მოგება სჭირდება.
,,ქუთაისი“-,,კაქტუსი“ 82:67 (24:23, 20:16, 15:12, 23:16 )