იტალიური “მილანი” ახალი მმართველების ხელში პირველ ტრანსფერს ახორციელებს. “როსონერის” პირველი შენაძენი “ვილიარეალის” მცველი, 26 წლის მატეო პაბლო მუსაკიოა. არგენტინელში “მილანს” 18 მილიონის გადახდა მოუწევთ და ფეხბურთელს 4-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.
შეთანხმება ორ კლუბს შორის ფაქტობრივად უკვე მიღწეულია და მუსაკიო ოთხწლიან კონტრაქტს ხელს რამდენიმე დღეში მოაწერს.
მატეო პაბლო მუსაკიომ კარიერა “რივერ პლეიტში” დაიწყო 2008-2009 წლების სეზონში, თუმცა შემდგომ ჯერ “ვილიარეალის” მეორე გუნდში გადაბარგდა, სადაც 22 მატჩი ჩაატარა და 3 გოლიც გაიტანა, იმავე 2009-2010 წლების სეზონში კი პირველ გუნდშიც აღმოჩნდა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, არგენტინელმა 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა.