ლა ლიგის 35-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა. მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე უმოტივაციო “ვალენსიას” დაუხვდა და 3 ქულა 86-ე წუთზე გატანილი გოლით მოიპოვა.
ზინედინ ზიდანმა მოედანზე ახლახანს დაბრუნებული რაფაელ ვარანი ზედმეტად არ გადატვირთა, “ატლეტიკოსთან” მატჩისთვის შეინახა და სერხიო რამოსს კვლავ ნაჩო შეუწყვილა, ხოლო ტრავმირებული გარეტ ბეილის ნაცვლად ხამესი გამოჩნდა მინდორზე.
“ღამურებს” კიდევ უფრო სერიოზული დანაკლისი ჰქონდათ. ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო არ იყვნენ: ჟოაო კანსელო, სიმონე ძაძა და კაპიტანი ენცო პერესი, ხოლო ხოსე ლუის გაიამ ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო და თადარიგში დარჩა.
შეხვედრა ძალიან საინტერესოდ დაიწყო და სანტი მინას პირველივე წუთზე მართებდა გატანა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ფორვარდმა ჯერ კეილორ ნავასს ვერ აჯობა, ხოლო მეორე ცდაზე ძელს მოარტყა ბურთი.
ამის შემდგომ “რეალმა” სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, ხოლო სტუმრები კონტრშეტევებით ცდილობდნენ მეტოქის შეწუხებას. საწყის 45 წუთში მაინცდამაინც ბევრი მომენტი არ შექმნილა. მადრიდელებმა კი, მეტოქისგან განსხვავებით საკუთარი შანსი გამოიყენეს და 27-ე წუთზე კრიშტიანო რონალდუმ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
მეორე ნახევარი “რეალის” იერიშებით დაიწყო და 55-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ ძელს მოარტყა ბურთი. შეტევა გაგრძელდა და იმით დასრულდა, რომ ხესუს ხილ მანსანომ დანი პარეხოს მიერ ლუკა მოდრიჩზე წესების დარღვევა დააფიქსირა და ძალზე საკამათო პენალტი დანიშნა. 11-მეტრიანი ტრადიციულად რონალდუმ შეასრულა, მაგრამ ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი პენალტის ამღებმა დიეგო ალვეშმა კვლავ ივარგა და პორტუგალიელს აჯობა.
წამყვანი ფეხბურთელების გარეშე მოთამაშე “ღამურებს” შეტევაში უჭირდათ. სტუმრები განსაკუთრებით ბოლო ფაზაში მოიკოჭლებდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს: 82-ე წუთზე დანი პარეხომ საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა და “რეალი” უმნიშვნელოვანესი ქულების დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა.
“ბლანკოსი” მთელი ძალებით წავიდა წინ და გამარჯვების გოლის გატანა მაინც მოახერხა: 86-ე წუთზე მარსელომ ორი მოთამაშე ჩამოიშორა, ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და ალვეშს შორეულ კუთხეში გაუტანა – 2:1.
“ბარსელონა” გასვლაზე თანაქალაქელ “ესპანიოლს” დაუპირისპირდა და 3 ქულის მოპოვება გაცილებით იოლად მოახერხა, ვიდრე “რეალმა”. მაგრამ, შეიძლება ყველაფერი სრულიად საპირისპიროდ წარმართულიყო, ხოსე მანუელ ხურადოს უფრო ყურადღებით რომ ეთამაშა. გამოცდილ ნახევარმცველს შეხვედრის დებიუტში 100%-იანი საგოლე შანსი შეექმნა, რომელიც ქარს გაატანა. “ბლაუგრანა” მთელი ტაიმის განმალობაში უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ ასეთი სახიფათო მომენტი არ ჰქონია.
შეხვედრა ისე მიდიოდა, რომ მასპინძელთათვის ცუდს არაფერს მოასწავებდა, მაგრამ ხურადოს საშინელმა თამაშმა ყველაფერი არია: ის მოედნის ცენტრიდან მეკარეს უბრუნებდა ბურთს, მაგრამ ამის ნაცვლად ლუის სუარესი დიეგო ლოპესთან პირისპირ დატოვა და ურუგვაელმა ფორვარდმა ანგარიში გახსნა. გატანილმა გოლმა “ბარსას” ხელ-ფეხი გაუხსნა და დიდი უპირატესობა მოიპოვა, რაც საბოლოოდ ტაბლოზეც აისახა: 76-ე წუთზე ლიონელ მესის დიდებული გარდა ივან რაკიტიჩმა დაუფასა და ლოპესს შორეულ კუთხეში შეუგდო, ხოლო 87-ე წუთზე ლუის სუარესს უკვე კარისოლიმ გაუკეთა საჩუქარი და ცარიელ კარში გაატანინა – 0:3.
მე-3 ადგილოსანი “ატლეტიკო” “გრან კანარიაზე” “ლას პალმასს” ესტუმრა და ძალიან მოულოდენლად, ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანა. მადრიდელებმა თავიდანვე უდიდესი უპირატესობა მოიპოვეს და მე-18 წუთისთვის კევინ გამეიროს დუბლით და საულ ნიგუეზის გოლით 0:3-ს იგებდნენ.
მეორე ნახევრის შუაში მასპინძლებს ბოატენგი გაუძვეს და ამის შემდგომ კანარელებმა კიდევ ორი გოლი გაუშვეს: 72-ე წუთზე ტეიემ შეაგდო, ხოლო 91-ე წუთზე ფერნანდო ტორესის ჯერი დადგა – 0:5.
დღის გახსნით შეხვედრაში ევროპა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა “სოსიედადმა” შინ “გრანადა” დაამარცხა და ანდალუსიელები ლა ლიგა 2-ში ოფიციალურად გავარდნენ.
სოსიედადი – გრანადა 2:1 (1:0)
სან-სებასტიანი, “ანოეტა”
სოსიედადი (4-3-3): რული, რ.ნავასი, მ.გონსალესი, ზალდუა, ბერჩიჩი, გრანერო (ზურუტუზა 59), ილარამენდი, პრიეტო (კანალესი 70), ოიარზაბალი, ველა (ხონი 78), ხუანმი.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი
გრანადა (4-2-3-1): ოჩოა, ჰონგლა, ინგასონი, გ.სილვა, ფოლქიერი, ანგბანი, აგბო, მალე (ბოგა 64), ა.პერეირა, კუენკა, ა.რამოსი (პონსე 68).
მწვრთნელი: ტონი ადამსი
გოლები: 1:0 ველა (45), 1:1 ა.რამოსი (65), 2:1 ხუანმი (84)
გაფრთხილებები: ანგბანი, პონსე, ჰონგლა
მსაჯი: მატეუ ლაოსი
რეალი – ვალენსია 2:1 (1:0)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი (4-3-3): ნავასი, ნაჩო, რამოსი, მარსელო, კარვახალი, კასემირო, კროოსი, მოდრიჩი (ლ.ვაზკესი 93), ხამესი (ასენსიო 66), რონალდუ, ბენზემა (მორატა 72).
მწვთნელი: ზინედინ ზიდანი
ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, გარაი, მანგალა, ლატორე (გაია 86), მონტოია, პარეხო, სოლერი, ორელიანა (ბაკალი 89), ნანი (როდრიგო 70), ელ ჰადადი, მინა.
მწვრთნელი: ვორო
გოლები: 1:0 რონალდუ (27), 1:1 პარეხო (82), 2:1 მარსელო (86)
გაფრთხილებები: კასემირო, მორატა, მოდრიჩი – პარეხო, ლატორე, გარაი, მანგალა
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
57-ე წუთზე რონალდუმ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)
ლას პალმასი – ატლეტიკო 0:5 (0:3)
ლას პალმასი, “გრან კანარია”
ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი, ბიგასი, დ.გარსია, მიჩელი, დ.კასტელიანო, ერნანი (ხ.კასტელიანო 75), მესა, ხესე, ტანაუსუ (მ.ე.გარსია 68), ჰალილოვიჩი (მომო 64), ბოატენგი.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, სავიჩი, ლუკასი, ხიმენესი (ტეიე 67), ლუისი, გაბი, საული, კოკე, გაიტანი, გრიზმანი (ა.კორეა 71), გამეირო (ფ.ტორესი 58).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლები: 0:1, 0:3 გამეირო (2; 18), 0:2 საული (17), 0:4 ტეიე (72), 0:5 ფ.ტორესი (91)
გაფრთხილებები: ბოატენგი, ხესე, ჰალილოვიჩი – საული, სავიჩი, გაიტანი, ტეიე
გაძევება: ბოატენგი (65)
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა
ესპანიოლი – ბარსელონა 0:3 (0:0)
ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”
ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი, დავიდ ლოპესი, დ.რეიესი, ხ.ლოპესი, კარისოლი, ვ.სანჩესი, ფუეგო (როკა 79), ხურადო, პიატი (ჰ.პერესი 66), ხ.მორენო, კაისედო (ბაპტიშტაო 66).
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, პიკე, უმტიტი, რობერტო, ალბა, ბუსკეტსი, გომეში (მასკერანო 78), რაკიტიჩი, ნეიმარი, მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
მსაჯი: უნდიანო მალენკო