ფეხბურთი

1:23 | 29.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ბერგამოში გააჩერეს (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXXIV ტური ბერგამოში, საინტერესო დაპირისპირებით დაიწყო - „ატალანტამ“ „იუვენტუსი“ მიიღო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპა ლიგის ზონაში მთელი სეზონია, ტყუილ-უბრალოდ არ იმყოფება.

ჯამპიერო გასპერინის გუნდი მართლაც დაუვიწყარ სეზონს ატარებს და შორს არაა ის დღე, როცა „ატალანტა“ ევროპა ლიგის საგზურს ოფიციალურად გაიფორმებს. იქამდე კი, ლომბარდიელებმა „იუვეს“ არაფერი დაუთმეს და ბოლოში ქულებიც დააკარგვინეს. მასიმილიანო ალეგრის კარს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი აქვს მომდგარი, მაგრამ მაქსმა ძირითადი შემადგენლობა ათამაშა - ფეხბურთელების ტონუსის შესანარჩუნებლად. თუმცა, „ბებერ ქალბატონს“ მაინც და მაინც კარგი მატჩი ვერ გამოუვიდა. მეტწილად, პირველ ტაიმში, რომლის ბოლო წუთზე ალეხანდრო გომესმა ფილიგრანული გადაცემით ანდრეა კონტი მოძებნა და ახალგზრდა მარჯვენა მცველმა ახლო მანძილიდან ივარგა - 1:0. სხვათა შორის, კონტი ის ფეხბურთელია, რომლის ბედსაც „იუვენტუსს“ უკავშირებენ.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და მალევე გაათანაბრეს. გოლი მირალემ პიანიჩის სტანდარტს მოჰყვა, უფრო სწორად ლეონარდო სპინაცოლამ საკუთარ კარი დალაშქრა. ახალგაზრდა მარცხენა მცველიც „იუვეს“ თვალთახედვის არეშია და ამ კლუბის ტიფოზიცაა. მოკლედ, „ატალანტა“ „იუვეს“ საბაზისო გუნდადაა ქცეული, მაგრამ დღევანდელ მატჩში ბერგამოელებს თავი არ დაუზოგავთ. გათანაბრების მერე, „ბებერი ქალბატონი“ უფრო მეტად დასახლდა „ატალანტას“ კართან და რამდენჯერმე ახლოსაც იყო გოლთან, მაგრამ დიდებულად ირჯებოდა ალბანელი მეკარე ეტრიტ ბერიშა. თავის მხრივ, ერთი-ორჯერ ჯიჯი ბუფონსაც მოუწია მაღალი ოსტატობის გამოვლენა. 83-ე წუთზე კი, იტალიის ჩემპიონი მაინც წინ გავიდა - პიანიჩმა საოცარი გადაცემა გაუკეთა დანი ალვეშს და ბრაზილიელმაც ახლო დისტანციიდან ეფექტურად შეაგდო. და მაინც, დარჩენილ მცირე დროში ალეგრის ბიჭებმა ანგარიში ვერ შეინარჩუნეს. ეს დიდწილად სტეფან ლიხშტაინერისა და პიანიჩის შეუთანხმებელი მოქმედების ბრალია, რის შედეგადაც რემო ფროილერი ჯიჯისთან პირისპირ დარჩა. მართალია, ვეტერანმა კიპერმა მასპინძელ შემტევს აჯობა, მაგრამ ბურთი ბედად ისევ ფროილერს მოხვდა და ცარიელ კართან დარჩენილმა გაათანაბრა - 2:2.

ასე დასრულდა შეხვედრა. „ატალანტა“ რომის „ლაციოს“ დაეწია, „იუვენტუსმა“ „რომა“ 9 ქულით ჩამოიტოვა. კვირას კი, ამავე ტურის მთავარ შეხვედრაში სწორედ რომაული გუნდები ხვდებიან ერთმანეთს.

„ატალანტა“ – „იუვენტუსი“ 2:2 (1:0)

ბერგამო, „ატლეტი აძური“

მაყურებელი: 16 000

„ატალანტა“ (3-4-2-1): ბერიშა; ტოლოი, კალდარა, მაზიელო; კონტი, კრისტანტე, ფროილერი, სპინაცოლა (პეტანია 85); ჰატუბერი, კურტიჩი (კესიე 66); გომესი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

„იუვენტუსი“ (4-2-3-1): ბუფონი; დანი ალვეში (ბარძალი 86), ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; პიანიჩი, ხედირა; კუადრადო (ლიხშტაინერი 79), დიბალა (ლემინა 88), მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 კონტი (45), 1:1 სპინაცოლა (50, ა.გ), 1:2 დანი ალვეში (83), 2:2 ფროილერი (89)

გაფრთხილება: ფროილერი (49), კონტი (80), გომესი (85) - კუადრადო (75), დანი ალვეში (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (8) – 12 (8) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 7:10 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: მარკო გუიდა

0.114723