კალათბურთი

10:00 | 26.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიამ ცსკა-სთან გაიბრწყინა, თუმცა ოთხთა ფინალს ვერ შესწვდა

თორნიკე შენგელია და „ბასკონია“ ევროლიგის ოთხთა ფინალს მიღმა დარჩნენ - ესპანურმა გუნდმა პლეი-ოფში გათამაშების მოქმედ ჩემპიონ მოსკოვის ცსკა-სთან სერია მშრალად, 0:3 წააგო და ტურნირს დაემშივიდობა.

არადა, ბაკსებს უშანსოდ არცერთი მატჩი წაუგიათ - არც პირველი-ორი მოსკოვში და არც მესამე შეხვედრა ესპანეთში. მეტიც, შეხვედრის ბოლო წამზე შეინ ლარკინს სამქულიანი ზუსტად რომ ესროლა, მატჩს „ბასკონია“ მოიგებდა, მაგრამ საბოლოოდ დრამატულად, 88:90 წააგო და სერიაც დათმო.

მასპინძელთა რიგებში დიდებული შეხვედრა ჩაატარა ქართველმა კალათბურთელმა - თორნიკე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მაგრამ საბოლოოდ პარკეტზე 25:15 წუთი გაატარა, რა დროშიც 19 ქულა, 7 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 1 შედეგიანი პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება გაახერხა. შენგელიამ მატჩი 4 პეროსნალური ფოლით დაასრულა.

ჩვენებურმა ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა საჯარიმოები, ოთხიდან ოთხი და სამქულიანები - სამიდან სამი. ერთადერთი ორქულიან სტყორცნებში მოიკოჭლა: რვიდან მხოლოდ სამი გამოდგა ზუსტი.

შენგელიამ ფანტასტიკურად ჩაატარა მესამე მეოთხედი, როდესაც გუნდს 17 ქულა შესძინა, თუმცა აღნიშნული პერიოდი ბასკებმა 26:29 დათმეს და როგორც შემდგომ აღმოჩნდა, სწორედ ამ ათწუთეულმა განსაზღვრა მატჩის ბედი. საბოლოო ჯამში თანაგუნდელებს შორის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა, ხოლო მთლიანად შეხვედრაში მხოლოდ კორი ჰიგინსს ჩამორჩა ორი ქულით. სამაგიეროდ მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა ყველაზე მაღალი - 23. მოკლედ, რომ ვთქვათ, თორნიკე შენგელიას გამორჩეულმა თამაშმა „ბასკონია“ მარცხისგან ვერ უხსნა. მიზეზი მარტივია - თანაგუნდელებმა სათანადოდ მხარი ვერ აუბეს.

ცსკა კი, განაგრძობს ტიტულისთვის ბრძოლას. ოთხთა ფინალში მის გარდა სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ გავიდა. დანარჩენი ორი მონაწილე კი, „დარუშაფაკა“ – „რეალისა“ და „ეფესი“ – „ოლიმპიაკოსის“ მატჩებში გამოვლინდება. სერიაში ორივეგან თანაბარია ანგარიში - 1:1.

0.116181