პოზიტიური და საინტერესო შეხვედრა გამოდგა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ჟურნალისტებს ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო "მოხალისეში" შეხვდნენ და ესაუბრნენ. სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ვიცე-პრეზიდენტები: ალექსანდრე იაშვილი, კახა ჭუმბურიძე, ნიკა ჯღარკავა და აკაკი ალადაშვილი.
კითხვები მართლაც იყო - თითქმის ყველა მიმართულებით, დაწყებული ეროვნული ჩემპიონატით.
ლევან კობიაშვილი: "ვფიქრობთ, დამაკმაყოფილებელია ის მდგომარეობა, რაც დღეს ეროვნულ ჩემპიონატშია. უპირველესად, შეფუთვას ვგულისხმობ. თამაშები შუქდება ფედერაციის მიერ და ინტერნეტში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რეპორტაჟის ნახვა, ვიღებთ ოთხი კამერით, ერთ ცენტრალურ მატჩს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს. გარდა ამისა, ამ არხზე საფეხბურთო მიმოხილვებიც არის.
...პრობლემები არის, ყველაზე მეტად ეს ინფრასტრუქტურას შეეხება. ქობულეთისა და სამტრედიის სტადიონებზე საფარის მდგომარეობა გაუარესებულია. საფარი უნდა შეიცვალოს და ეს იციან ადგილობრივებმა.
...თასზე ბევრი რამ შევცვალეთ. ქვედა ლიგის გუნდებს უპირატესობა ჰქონდათ და აქვთ კიდეც, ერთმატჩიანი რაუნდებია და არაერთმა გუნდმა ეს გამოიყენა. მეთექვსმეტედფინალიდან, გუნდებს უკვე ფინანსური ინტერესი აქვთ ყოველი ეტაპის გავლაზე და არაა ისე, როგორც ადრე იყო: მარტო ფინალისტები რომ იღებდნენ თანხას.
...რა თქმა უნდა, თვითკმაყოფილების გრძნობა არ გვაქვს. ბევრი სამუშაოა და ვფიქრობ, გაისად კიდევ უფრო უკეთესი ჩემპიონატი გვექნება. ორი წლის შემდეგ კიდევ უკეთესი და ასე შემდეგ".
ლევან კობიაშვილმა და ნიკა ჯღარკავამ მასობრიობაზეც ისაუბრეს. შარშან მოყვარულთა ლიგა პირველად გათამაშდა და დიდი ინტერესი გამოიწვია. თავად განსაჯეთ, შარშან დაახლოებით 5000-მდე ფეხბურთელი თამაშობდა, წლევანდელ, მეორე გათამაშებაში კი 314 გუნდია და 8000-ზე მეტი მოთამაშე. სეზონი გურიაში გაიხსნა. გურიის რეგიონში 16 სამოყვარულო კლუბია. აღნიშნეს, რომ მოყვარულებში საქმე ზერელედ არ კეთდება, გუნდებს სათამაშო ფორმები აქვთ და მოწესრიგებულები არიან.
გარდა ამისა, კობიაშვილმა აღნიშნა, რომ ივნის-ივლისში მზად იქნება ფეხბურთელების მონაცემთა ბაზა. კონკრეტულად რამდენი ფეხბურთელია საქართველოში, ეს არავინ იცის. ზოგი რა რიცხვს ამბობს, ზოგი რას, ამიტომაც აღირიცხება, რომელ რეგიონში რამდენი ფეხბურთელი იქნება.
"მნიშვნელოვანია, რომ შარშან ჩავატარეთ 13-წლამდელთა რეგიონთა თასი. გამარჯვებულმა თბილისის ნაკრებმა ბერლინში ითამაშა საერთაშორისო ტურნირზე, სადაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა. წლეულს რეგიონთა თასი ორ ასაკში გაიმართება: 13-წლამდელების გარდა, 14-წლამდელებშიც. სხვა პროექტებზე: სფფ-ის ლაგოდეხის ბაზაზე ვაპირებთ საფარის შეცვლას და რეგიონებში აკადემიები რომ იქნება, კახეთში სწორედ ლაგოდეხში ვგეგმავთ აკადემიის შექმნას. რუსთავის აკადემიის ყბადაღებული თემა: წლის ბოლომდე დასრულდება, ბოლო ფაზაშია მშენებლობა. არადა, წინა ფედერაციის დროს, 2015 წლის აგვისტომდე უნდა დასრულებულიყო. წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს ზუგდიდის სტადიონის მშენებლობაც და კიდევ, მარტვილშიც კეთდება აკადემია. ბათუმში, ანგისას ბაზაზე იყო პრობლემა, მშენებლობა შარშან შეჩერდა, მაგრამ ტენდერი ახლიდან ჩატარდა და როგორც ვიცი, მშენებლობა გაგრძელდა. მანამდე კი, ბათუმის "დინამო", სავარაუდოდ, სარაგბო სტადიონზე ითამაშებს" - გვითხრა კობიაშვილმა.
ყურადღება გამახვილდა სატელევიზიო პროექტებზე. შეიქმნა იმის პრეცენდენტი, რომ ტელევიზია ფულს იხდის ჩემპიონატის მატჩების გაშუქებაში. მთელ მსოფლიოში ასეა: კლუბები ძირითად თანხას შოულობენ სატელევიზიო კონტრაქტებიდან, ბილეთების გაყიდვიდან, მაისურების გაყიდვიდან... სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არაა, მაგრამ მთლად ისეც არ უნდა იყოს, რომ ხელი ჩავიქნიოთ.
"ჩვენ ერთი თეთრიც არ გვჭირდება ტელევიზიებიდან შემოსული თანხიდან. ისევ კლუბებს მოხმარდეს, მათ მოიხმარონ განვითარებისთვის. თუმცა ისიც სათქმელია,რომ კლუბებმაც უნდა იმუშაონ, ეს უნდა იყოს სამკუთხედის სისტემა: კლუბი-ფედერაცია-ტელევიზია. ჩვენ ვახორციელებთ ამ პროექტს და მცირე თანხას არ ვხარჯავთ თამაშების გაშუქებაში, რომელიც ინტერნეტის საშუალებით შეუძლია ნახოს გულშემატკივარმა".
კობიაშვილმა და მუჯირმა სხვა პროექტებზეც ისაუბრეს. ასევე აღინიშნა, რომ ფედერაციის ვალი 7 მილიონ ლარამდე შემცირდა.
"სამწუხაროდ, არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა დაგვხვდა. ამაზე ადრეც გვითქვამს და აუდიტის დასკვნაც წარმოვადგინეთ. თუნდაც ის რად ღირს, რომ "ჰეთ-თრიქის" 2016-2020 წლებისთვის გაწერილი თანხა, წინა ფედერაციამ წინასწარ გამოიტანა და ჩვენ უკვე ვეღარ მივიღებთ" - განაცხადა კობიაშვილმა.
საუბარი შეეხო ფუტსალს, ამპუტანტთა ლიგას, სოციალურად დაუცველთა დახმარებას.
"სხვადასხვა რაიონებში, ჯამში 400-მდე სოციალურად დაუცველ ბავშვს უტარდება უფასო ვარჯიშები, ტურნირიც. წლეულს ინვალიდ-ამპუტანტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რაც აქამდე არ მომხდარა. და ფუტსალიც. ფედერაციის სათავეში ერთი-ორი კვირის მოსულები ვიყავით, როცა ფუტსალის ნაკრების ვარჯიშზე მივედით და ბიჭებს მაისურებიც არ ჰქონდათ.. ჩემპიონატი კი შეჩერებული იყო. ახლა იცით, სხვაგვარი მდგომარეობაა, ჩემპიონატიც ნორმალურ დონეზე მიმდინარეობს და ნაკრები ერთ ნაბიჯშია ევროპის ჩემპიონატთან. რეიტინგში ჩვენზე ბევრად წინ მდგომ ნაკრებებთან ფრე უკვე აღარ გვაკმაყოფილებდა. ჰოლანდიასა და ბელარუსზეა საუბარი" - გვითხრა მუჯირმა.
აკაკი ალადაშვილმა გვაცნობა, რომ ქართულ კლუბებთან ფეხბურთელთა კონტრაქტებს გადაეხედება. ეს უეფა-ს შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობის შემდეგ. ჯერ ყველა პუნქტი არაა მზად, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ ხელშეკრულებები მინიმუმ 1-წლიანი იქნება და ისე ვეღარ მოხდება, ფეხბურთელი ლამის ყოველ ექვს თვეში რომ გადადიოდა-გადმოდიოდა. ამის პრეცენდენტი ხშირი იყო ჩვენს ჩემპიონატში.
ეროვნული ნაკრების თემა: საუბარი შეეხო მოსკოვის "სპარტაკის" მცველ გიორგი ჯიქიასა და "დინამო დრეზდენის" ნახევარმცველ აკაკი გოგიას საკითხებს. საქართველოს მოქალაქეობა არცერთს არ აქვს, ჯიქიამ კი რამდენიმე დღის წინ დახურა ეს საკითხი - საქართველოს ნაკრებში თამაში გამორიცხულიაო.
დავით მუჯირი: "ჯიქიას ჯერ კიდევ "ამკარში" თამაშის დროს დავუკავშირდით, რუსეთის ნაკრებზე ჯერ საუბარიც არ იყო. ფაქტია, თავად ფეხბურთელის სურვილი უნდა იყოს, რომ საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ეს არ მოხერხდა. რაც შეეხება გოგიას, საქართველოს მოქალაქეობა რომ მიიღოს, ამისთვის უნდა დათმოს გერმანიის მოქალაქეობა. არის კიდევ გამონაკლისები, მაგრამ ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ გოგიაც და მისი მშობლებიც, თუ რა პროცედურაა გასავლელი. თავად უნდა გადაწყვიტონ".
ალექსანდრე იაშვილი: "მას ოცჯერ ველაპარაკე. ჯიქიას თავისუფლად შეეძლო, ჩამოსულიყო და ერთ დღეში აეღო ქართული პასპორტი. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატთან გვქონდა შეხვედრა და ყველაფერი მოწესრიგებული იყო. უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ დარეკა, ვერ ჩამოვდივარო. ისიც ითქვა, ჯიქიამ პირობები წამოაყენა, თუ რუსეთს გარეთ კლუბს მომიძებნის ფედერაცია და ლიმიტი არ შემეხება, ნაკრებში მაშინ ჩამოვალო. ტყუილია. ან ეს როგორ უნდა ეთქვა? მენეჯერობა უნდა დაგვეწყო? ძალიან გთხოვთ, ჯიქიას თემით სპეკულირებას ნუ მოახდენთ. გაიხსენეთ, ჯანო ანანიძე ჩამოვიდა და ითამაშა საქართველოს ნაკრებში. სამშობლო ყველაფერზე წინ დააყენა".
ლევან კობიაშვილი: "ჩვენ ვერავის ვერ დავაძალებთ. ჯიქიას ჩამოყვანა გვსურდა, მაგრამ გვითხრა, ვერ ჩამოვალო. ჩვენს ასაკობრივ ნაკრებში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც პასპორტის აღებაში დავეხმარეთ. ვმუშაობთ სხვა ფეხბურთელების კუთხითაც, რომლებიც ქართველები არიან და უცხო ქვეყნის სახელით თამაშობენ. მიდის მუშაობა. თემურ ფარცვანია? კარგია, რომ მისგან ინიციატივა წამოვიდა და დანარჩენს ვლადიმირ ვაისი გადაწყვეტს. ისე, რადგან თემას შევეხეთ, იაშვილი იყო ჩასული უკრაინაში, ესაუბრა გიორგი არაბიძეს და ყველაფერი მოგვარდა. იყო პრობლემები, მაგრამ არაბიძემ ლატვიასთან გაგვახარა, კარგად ითამაშა და გოლიც გაიტანა".
ფედერაციის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ ეროვნული ნაკრებისთვის უახლოესი მიზანი მოლდოვასთან სტუმრად მოგება იქნება.
"თითოეული მატჩის წინ, ნაკრები მოსაგებად ემზადება და სხვა მიზანი არც შეიძლება იყოს. ვფიქრობ, მოლდოვასთან ერთ-ერთი რთული მატჩი გვექნება. ჩემი აზრით, შესარჩევის განვლილი ხუთი თამაშიდან, სუსტად სწორედ მოლდოვასთან გამოვიყურებოდით. კითხვა დაისვა სენტ კიტსი და ნევისთან ამხანაგური მატჩის თაობაზე. მოლდოვასთან 11 ივნისს ვთამაშობთ, სენტ კიტსი და ნევისს კი მანამდე ოთხი დღით ადრე. ვაისს სურდა, რომ შინ ჩაგვეტარებინა ამხანაგური მატჩი, სენტ კიტსი და ნევისი კი 4 ივნისს სომხეთში თამაშობს ამხანაგურს და გეოგრაფიულადაც აწყობდათ ჩვენთან თამაში. ჩვენთვისაც, უსარგებლო ნამდვილად არ იქნება ასეთი ამხანაგური თამაში".