ძიუდო

21:02 | 21.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მედალს ვერც დღეს შეწვდა

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, მამაკაცებს შორის შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში საპრიზო სამეულები უკვე შეივსო. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ცხრაკაციანი განაცხადიდან კი ხუთი გავიდა პოლონურ ტატამზე და პოდიუმზე ასვლა ერთმაც ვერ შეძლო. ამირან პაპინაშვილის, ლუხუმ ჩხვიმიანისა (ორივე 60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ) შემდეგ, ძიუდოს ქართველ ქომაგს მედლის მოპოვების იმედი ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ზებედა რეხვიაშვილმაც (81 კგ) გაუცრუეს.

ირაკლი ცირეკიძის გუნდის ყველაზე ტიტულოვანი წევრი – ოლიმპიური (2012) და ევროპის (2013) ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ვარშავაში ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის რანგში ჩავიდა. ევროპის შარშანდელ ჩემპიონატზე მან ფინალში იჭიდავა და აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვთან და მსაჯებთან ბრძოლაში ვერცხლის მედალს დასჯერდა. ამჯერად ქართველი გულშემატკივრები დიდ რევანშს და უმაღლესი სინჯის მედალს ელოდნენ, მაგრამ არათუ ოქრო, საპრიზო სამეულიც სანატრელი გახდა.

ჩემპიონატზე მეორე ნომრად განთესილი შავდათუაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და უკრაინელ სერგეი დრებოტს ვაზარით მოუგო. მერვედფინალში კი, ავსტრიელ ლუკას რეიტერთან შეხვედრაში, საფინალო გონგამდე ერთი წუთით ადრე, თავად დავარდა ვაზარიზე, ბრძოლის გადასარჩენად დრო აღარ ეყო და შეჯიბრებას ნაადრევად გამოეთიშა.

ზებედა რეხვიაშვილმა დილის პროგრამაში უნაკლოდ იჭიდავა. ტექნიკა და ილეთების არსენალი 26 წლის ქართველ ძიუდოისტს ამ ევროპირველობამდეც არ დაეწუნებოდა. ამჯერად კი იმ კომპონენტებშიც ბრწყინვალე იყო, რომლებიც თავისი შესაძლებლობების გამოვლენაში ყოველთვის ხელს უშლიდა - ოდნავადაც არ შეუწუხებია სუნთქვის და გამძლეობის პრობლემას.

პირველ წრეში დაისვენა და შეჯიბრება მეთექვსმეტედფინალში რუმინელ ვლად ვისანთან მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვებით გახსნა – მეტოქეს საფირმო "მფრინავი მტკივნეულით” მოუმთავრა საქმე. ხელის მტკივნეულითვე აჯობა უნგრელ ატილა უნგვარისაც. ამ შემთხვევაშიც ბრწყინვალედ გაისარჯა – მეტოქის ვაზარი დაასრულა გამარჯვებით.

მეოთხედფინალში რეხვიაშვილმა რუსეთის ნაკრების წევრი ასლან ლაპინაგოვი კიდევ ერთი ჯადოილეთით დაამარცხა, რომელიც ულაპარაკოდ იპონი იყო, მაგრამ მსაჯებმა ვაზარზე მეტი ვერ გაიმეტეს და ლაპინაგოვს ბრძოლის გადარჩენის შანსი დაუტოვეს. ზებედამ უპირატესობა აუღელვებლად შეინარჩუნა.

ფინალური ბლოკის ორი შეხვედრიდან მინიმუმ ერთის მოგებით რეხვიაშვილი მედალს ინაღდებდა, მაგრამ ორივეში დამარცხდა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.

ნახევარფინალში, გერმანელ დომინიკ რესელთან არაერთხელ სცადა ეფექტური გდების თუ მტკივნეულის შესრულება, მაგრამ არ გამოუვიდა. არც მეტოქეს მისცა ილეთის გაკეთების შანსი და ბრძოლა ოქროს დროში გაგრძელდა. რეხვიაშვილი ერთ ეპიზოდში ტატამს გარეთ გავიდა და მსაჯმაც უმალ შიდოთი დასაჯა, რაც ავტომატურად, წაგებას ნიშნავდა.

რეპეშაჟის ფინალი მხოლოდ 14 წამი გაგრძელდა – ქართველი ძიუდოისტი ხორვატ დომინიკ დრუზეტასთან, პირველსავე კონტაქტზე სუფთა გდებაზე წამოეგო.

ევროპის ინდივიდუალური პირველობა ხვალ დასრულდება, მედლების ბოლო ხუთი კომპლექტის გათამაშებით. მამაკაცებში საპრიზო სამეულები 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეივსება, ხოლო ქალებში – 78 და +78 კილოგრამებში. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი (ორივე +100 კგ) და ელენე ქებაძე (+78 კგ).

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი – 18:00 საათზე.

ძიუდო

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი

ვარშავა

21 აპრილი

მამაკაცები

73 კგ

1 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

2 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)

3 ტომი მაციაში (შვედეთი)

3 რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)

81 კგ

1 ალან ხუბეცოვი (რუსეთი)

2 დომინიკ რესელი (გერმანია)

3 დომინიკ დრუზეტა (ხორვატია)

5 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)

ქალები

63 კგ

1 ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია)

2 მარგო პინო (საფრანგეთი)

3 ალის შლეზინგერი (ბრიტანეთი)

3 კეტრინ უნტერვურზახერი (ავსტრია)

70 კგ

1 სანი ვან დიკი (ჰოლანდია)

2 ჯოვანა სკოკიმარო (გერმანია)

3 მარი ევ გაიე (საფრანგეთი)

3 ბარბარა მატიჩი (ხორვატია)

0.110031