კალათბურთი

14:30 | 21.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსმა კობი ბრაიანტს გადაასწრო, “კლივლენდმა” რეკორდი დაამყარა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის სამი შეხვედრა გაიმართა.

“ინდიანა” შინ “კლივლენდთან” 114:119 დამარცხდა. ინდიანაპოლისელები პირველი ტაიმის შემდეგ 25 ქულას იგებდნენ, მაგრამ “კავალიერსმა” ნბა-ს პლეი-ოფის რეკორდი დაამყარა და მეორე ტაიმში 25-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. წინა რეკორდად 1948 წელს, “ბალტიმორის” მიერ “ფილადელფიასთან” 21-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება ითვლებოდა. “კლივლენდის” მოგებაში ლომის წილი ლებრონ ჯეიმსმა დაიდო, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 41 ქულა, 13 მოხსნა, 12 პასი. ლებრონს პლეი-ოფში სულ 5670 ქულა დაუგროვდა, კობი ბრაიანტს (5640) გადაასწრო და მესამე ადგილზე აინაცვლა. მეორე ადგილი ქარიმ აბდულ-ჯაბარს (5762 ქულა) უკავია. პირველზე კი მაიკლ ჯორდანია – 5987. “კლივლენდი” სერიას 3:0 იგებს და მეოთხე მატჩი ინდიანაპოლისში 23 აპრილს, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

“მილუოკი ბაქსმა” საკუთარ დარბაზში “ტორონტო” 104:77 გაანადგურა. ვისკონსინელებმა მატჩის ბედი პირველივე პერიოდში გადაწყვიტეს, რომელიც 32:12 მოიგეს. “მილუოკიმ” გუნდური კალათბურთი ითამაშა და მისმა ექვსმა წევრმა 10 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის ყველაზე მეტი, 20 ქულა, მიდლტონმა დააგროვა. “ბაქსი” სერიას 2:1 იგებს.

“მემფისმა” შინ “სან ანტონიო” 105:94 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “დათვებმა” 31:17 მოიგეს. ყველაზე მეტი, 24 ქულა მაიკლ კონლიმ დააგროვა, 21-21 ქულა რენდოლფს და მარკ გაზოლს ჰქონდათ, “სან ანტონიოში” 18 ქულით კავაი ლეონარდი გამოირჩა. ტეხასელები სერიას 2:1 იგებენ.

“ინდიანა” – “კლივლენდი” 114:119 (37:27, 37:22, 17:35, 23:35)

“მილუოკი” – “ტორონტო” 104:77 (32:12, 25:18, 21:16, 26:31)

“მემფისი” – “სან ანტონიო” 105:94 (21:21, 29:25, 31:17, 24:31)

0.124282