ძიუდო

10:33 | 21.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დღეს ევროტატამზე შავდათუაშვილი და რეხვიაშვილი გავლენ

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წარუმატებელი სტარტის შემდეგ, დღეს, ქართველი გულშემატკივრებისთვის ხასიათის გამოკეთებას ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) შეეცდებიან.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველაზე მეტმა - 43-მა სპორტსმენმა მოიყარა თავი. შავდათუაშვილი მეორე ნომრადაა განთესილი და საქმეში მეორე წრიდან - მეთექვსმეტედფინალიდან ჩაებმება. იქამდე მისი სავარაუდო მეტოქეები - რუმინელი ალექსანდრუ რაიკუ და უკრაინელი სერგეი დრებოტი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ამავე ქვეჯგუფშია უნგრელი მიკლოშ უნგვარიც, რომელსაც ლაშამ ლონდონის ოლიმპიადის ფინალში მოუგო. მაშინ ორივე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. ამჯერად მათი გზები მეოთხედფინალში იკვეთება.

ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, ლაშა შავდათუაშვილის სავარაუდო მეტოქეთაგან შვედი ტომი მაციაში, ჩეხი იაკუბ იეჩმინეკი, აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი და ფრანგი ჟილომ ჩენი უნდა გამოვარჩიოთ.

სატურნირო ბადის მეორე მხარეს ფავორიტი ევროპის მოქმედი ჩემპიონი, აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯოვია. სწორედ მასთან დამარცხდა შავდათუაშვილი შარშანდელი ევროპირველობის ფინალში. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ორუჯოვზე მეტად, ოქროს მედლის ბედი მსაჯმა გადაწყვიტა, რომელმაც ქართველ ძიუდოისტს ჩემპიონის ტიტული შეხვედრის ბოლო წამებზე, შიდოებით წაართვა.

მას შემდეგ, შავდათუაშვილი ორუჯოვს საერთაშორისო ტურნირებზე ორჯერ დაეჭიდა და ორივეჯერ წააგო. სულ კი, მას 9-ჯერ შეხვედრია და მხოლოდ ერთჯერ დაუმარცხებია.

81 კილოგრამის სატურნირო ბადეში 35 ძიუდოისტი ჩაეწერა. ზებედა რეხვიაშვილი პირველ წრეში დაისვენებს და მეთექვსმეტედფინალით დაიწყებს, სადაც მეტოქედ რუმინელი ვლად ვისანი ეყოლება. გამარჯვების შემთხვევაში რეხვიაშვილი უნგრელი ატილა უნგვარისა და ჩერნოგორიელი არსო მილიჩის წყვილიდან გასულს დაუპირისპირდება.

მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთაგან რუსი ასლან ლაპინაგოვი და ფრანგი პაპე დუდუ ნდიაიე უნდა გამოვარჩიოთ. ბადის ამავე მხარესაა ევროპის ჩემპიონატზე პირველ ნომრად განთესილი ბულგარელი ივაილო ივანოვი, რომელსაც წლეულს, პარიზის გრან სლემზე მოუგო.

მამაკაცთა 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ასევე ქალთა 63 და 70 კილოგრამებში წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება

შეგახსენებთ, გუშინ, მამაკაცთა საწყის ორ წონით კატეგორიაში საპრიზო სამეულები ჩვენებურთა გარეშე შეივსო. პოდიუმს მიღმა დარჩნენ ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე 60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ).

0.116689