დღეს დაიწყო ვიტალი დარასელიას სახელობის თასი: რვაგუნდიანი საერთაშორისო ტურნირი.
გახსნის მატჩში თბილისის "დინამო" (მწვრთნელი - ვლადიმერ გოჩაშვილი) ბელგიის "გენტს" შეხვდა და 0:2 დამარცხდა. დაახლოებით თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, ბელგიელებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს და მეორე ტაიმში უპირატესობა ორ გოლში გარდასახეს.
მომენტები თბილისელებსაც ჰქონდათ, თუმცა "გენტის" ჭაბუკები უფრო მწვავედ უტევდნენ და შეიმჩნეოდა მათი გუნდური თამაში, უკეთესი ფიზმომზადება. რაც უფრო ცოტა დრო რჩებოდა თამაშის დასრულებამდე, ქართველებს სულ უფრო უჭირდათ და ამით ისარგებლეს კიდეც სტუმრებმა.
ეს ა ჯგუფის მატჩი იყო. ჯგუფის მეორე შეხვედრაში მილანის "ინტერმა" აზერბაიჯანულ "გაბალას" 2:1 აჯობა.
დღესვე გაიმართება ბ ჯგუფის შეხვედრები: 18:00 ალკმაარი - დინამო კიევი, 20:00 დინამო ზაგრები - ტრაბზონსფორი