ფეხბურთი

23:13 | 15.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბევრი ემოცია და ლამაზი სანახაობა "მადონინაში" - "იუვე" კი თითქმის ჩემპიონია (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXXII ტურის შემდგომ შეიძლება ითქვას, რომ სკუდეტოს მფლობელის ვინაობა უკვე გაირკვა – ამის თქმა აქამდეც შეიძლებოდა, მაგრამ ტურინის “იუვენტუსმა” “რომასთან” უპირატესობა გაზარდა – 8 ქულა.

თუმცა, მანამდე ტური მილანური დერბით დაიწყო – დერბი დელა მადონინა. “მილანის” სათავეში ერთი დღის ჩინელები მოვიდნენ და ბევრმა დაიწყო იმის შესახებ საუბარი, რომ ჩინური დერბი იმართებოდა და არა მილანური. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, “დერბი დელა მადონინა” თავის ხიბლს არასდროს კარგავს – პირველი წრის მატჩი ლამაზი სანახავი გამოდგა და ფრედ, 2:2 დასრულდა. ამჯერადაც იგივე სცენარი ელოდა ტოფოზერიას, ოღონდ უფრო დრამატული. პირველი ტაიმი მთლიანად “ინტერის” გამოდგა და ანტრაქტზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. ანტონიო კანდრევამ და მაურო იკარდიმ ჯანლუიჯი დნარუმას კარი ორჯერ დალაშქრეს. აღსანიშნავია, რომ მილანურ დერბში სადებიუტო გოლი შეაგდო იკარდიმ. მეორე ნახევარში სტეფანო პიოლის მნიშვნელოვან გამარჯვებამდე საქმე მშვიდად მიჰყავდა, მაგრამ ორი კუთხური და ორი ცენტრალური მცველის გოლი გამოეპარათ. ჯერ იყო და ალესიო რომანიოლიმ შეამცირა სხვაობა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ მეშვიდე წუთზე, კრისტიან ძაპატამ აკრობატულ ნახტომში შეძლო და გაათანაბრა. ამ გოლს მოედანზე და მის მიღმა დიდი დავი-დარაბა მოჰყვა. მსაჯმა მატჩს ხუთი წუთი დაამატა, თუმცა გოლი 97-ე წუთზე გავიდა. “ინტერნაციონალეს” ფეხბურთელები დროის გადაცდენაზე მიუთითებდნენ, მაგრამ არბიტრის აზრით, დამატებულ 5 წუთში გამოწვეული პაუზების გამო, შეხვედრა თავიდან დათქმულ დროზე არ დაასრულა. ასე იყო თუ ისე, დერბი ტაბლოზე მშვიდობიანად დასრულდა. სხვათა შორის, მოპოვებული ქულა, უდაოდ “მილანის” აქტივში უნდა შევიტანოთ, რადგან მეტოქესთან უპირატესობა შეინარჩუნა და ამასთან, მისდა ბედად, კონკურენტებმაც ვერ მოიგეს თავიანთი მატჩები. შესაბამისად, სატურნირო ცხრილში მისთვის არაფერი შეცვლილა.

“იუვენტუსმა” ჩემპიონატის ღრმა აუტსაიდერ “პესკარას” უპრობლემოდ მოუგო – 2:0. ყველაფერი პირველივე ტაიმში გადაწყდა: გონსალო იგუაინმა 23-ე და 43-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა და მეორე ნახევარში ანგარიში აღარც შეცვლილა. გონსალოს იტალიის ჩემპიონატში 23 გოლი დაუგროვდა და დავიდ ტრეზეგეს შემდეგ პირველი ფეხბურთელია შედეგიანობით ერთ სეზონში. ფრანგმა 2001-2002 წლების სეზონში 24-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ისიც აღსანიშნავია, რომ “პიპიტამ” ტოპ ჩემპიონატებში 200 გოლიანი ზღვარი გადალახა: მას 107 გოლი “რეალის”, 71 “ნაპოლის”, ხოლო 23 “იუვენტუსის” მაისურით აქვს გატანილი.

“იუვენტუსმა” ლაღი და მშვიდი თამაშით მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმში ტურინელთა ტოფოზები მაინც შეშინდნენ: სალი მუნტარისთან კონტაქტისას პაულო დიბალა დაშავდა და შეცვლა მოითხოვა. ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა, არგენტინელი “ბარსელონასთან” მატჩისთვის გამოჯანმრთელებას.

“იუვენტუსმა” “რომას” 8 ქულით გაუსწრო – “ჯალოროსიმ” საკუთარ მოედანზე ბერგამოს “ატალანტას” ვერაფერი მოუხერხა და ორი მნიშვნელოვანი ქულა დაკარგა. ლუჩანო სპალეტის შეგირდები წაგებას გადაურჩნენ – მეორე ნახევარში ედინ ჯეკომ გამოიჩინა თავი, თუმცა ეჭვგარეშეა, რომაელები ქულით კმაყოფილნი ვერ დარჩებოდნენ.

ედინ ჯეკოს ბომბარდირთა დავაში არ ჩამორჩა ანდრეა ბელოტიმ – 23 წლის ფეხბურთელმა თავისიანები “კროტონესთან” დააწინაურა, მაგრამ ჯო ჰარტის შეცდომის შედეგად სტუმრებმა ქულა მაინც მოიპოვეს. სხვათა შორის, ინგლისელმა შეცდომა, რომელიც მის გუნდს გოლად დაუჯდა, მიმდინარე სეზონში მეხუტედ დაუშვა და ამ არცთუ საამაყო კომპონენტით მხოლოდ “პალერმოს” კარის დარაჯი პოსავეცი სჯაბნის. რაც შეეხება ბელოტის, მას უკვე 24 გოლი დაუგროვდა ჩემპიონატში და 1962 წლის მერე მეხუთე იტალიელი მოთამაშეა, ვინც 23-ზე მეტჯერ გამოიჩინა თავი ერთ სეზონში. აქამდე იგივე რამ ფრანჩესკო ტოტის, ჯუზეპე სინიორის, ლუკა ტონისა და ანტონიო დი ნატალეს მოეხერხებინათ.

ორი მნიშვნელოვანი ქულა დაკარგა რომის “ლაციომ”, რომელიც “ჯენოას” დაუზავდა სტუმრად (2:2), ხოლო “სასუოლო” პირველი ტაიმის მერე აგებდა, მაგრამ თამაში შემოატრიალა “სამპდორიას” 2:1 მოუგო. სარდინიაზე “კალიარიმ” “კიევო” გააცამტვერა (4:0), ხოლო “პალერმო” და “ბოლონია” უგოლოდ გაიყარნენ.

“ინტერი” – “მილანი” 2:2 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 კანდრევა (36), 2:0 იკარდი (44), 2:1 რომანიოლი (83), 2:2 ძაპატა (90)

“კალიარი” – “კიევო” 4:0 (3:0)

გოლები: 1:0 ბორიელო (11), 2:0 საუ (15), 3:0 ჟოაო პედრო (40), 4:0 ჟოაო პედრო (90)

“ფიორენტინა” – “ემპოლი” 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ელ კადური (37), 1:1 ტელო (64), 1:2 პასკუალი (90, პენ)

“ჯენოა” – “ლაციო” 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 სიმეონე (10), 1:1 ბილია (45), 2:1 პანდევი (78), 2:2 ლუის ალბერტო (90)

“პალერმო” – “ბოლონია” 0:0 (0:0)

“პესკარა” – “იუვენტუსი” 0:2 (0:2) VIDEO

გოლები: 0:1 იგუაინი (22), 0:2 იგუაინი (43)

“რომა” – “ატალანტა” 1:1 (0:1) VIDEO

გოლები: 0:1 კურტიჩი (22), 1:1 ჯეკო (50)

“ტორინო” – “კროტონე” 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ბელოტი (66, პენ), 1:1 ნვანკვო (81)

“სასუოლო” – “სამპდორია” 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 შიკი (28), 1:1 რაგუზა (49), 2:1 აჩერბი (56)

ბომბარდირები: ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 25 გოლი, ედინ ჯეკო (“რომა”) – 25, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 23, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 21, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 20, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 18.

თეგებისერია A
0.270561