ფეხბურთი

18:38 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე: “შემიძლია ძირითად შემადგენლობაში ვითამაშო”

იტალიის სერია A-ს დამდეგ ტურში ტოსკანური დერბი გაიმართება - “ფიორენტინა” “ემპოლის” უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მედიის წინაშე ლევან მჭედლიძე წარსდგა და საუბარი მთლიანად მოახლოებულ თამაშს დაეთმო.

ქართველი თავდამსხმელის განცხადებით, თავს კარგად გრძნობს და მზადაა მოედანზე პირველივე წუთიდან გავიდეს.

“კარგად ვარ, ვფიქრობ, კარგ კონდიციებში ვიმყოფები. თუ მწვრთნელი გადაწყვეტს, შემიძლია პირველივე წუთიდან ვითამაშო. ბოლო დროს ჩვენს გარშემო ბევრი უარყოფითი მოვისმინე, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. თუმცა, ბოლო სამი თამაში საშინლად ნამდვილად არ გვითამაშია, “პესკარასთან” ძალიან საჭირო ქულა მოვიპოვეთ და გამარჯვებაც შეგვეძლო. ახლა კი, უკან ყურება არ გვმართებს და “ფიორენტინასთან” მატჩზე ვფიქრობთ.

ტრავმა? – განვიცადე. ახლა ისეთ დროს მივიღე დაზიანება, როცა გოლები გამქონდა და კარგ ფორმაში ვიყავი. თუმცა, ამჟამად მხოლოდ მომავალზე ვფიქრობ. არ მგონია, რომ “ემპოლის” ასეთი ცუდი თამაში ჩემი დანაკლისით იყო გამოწვეული.

“ფიორენტინა”? – ორგანიზებული გუნდია, რომელიც კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლებელი არაა. გოლებს რაც შეეხება, ესაა ის მიზეზი, რის გამოც ვმუშაობ. ბორხა ვალეროსთან ინციდენტი დავიწყებულია. ასეთები მოედანზე ხდება, მაგრამ ყველაფერი წარსულში დარჩა.

მესმის “ემპოლის” ქომაგების, რომლებიც გვისტვენენ, რადგან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკეთეს თამაშს და შედეგებს მიეჩვივნენ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ “პესკარასთან” არ წავაგეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი გავახაროთ და აქვე მადლობას გადავუხდი მათ, რადგან მე ყოველთვის გვერდში მიდგანან”, - განაცხადა ლევანმა.

შეგახსენებთ, ორთვიანი უქმობის შემდეგ მჭედლიძე თავის გუნდს ორი კვირის წინ დაუბრუნდა, ხოლო წინა ტურში მინდორზე მხოლოდ 5 წუთი გაატარა. აღსანიშნავია ისიც, რომ მჭედლიძის გარეშე “ემპოლიმ” თამაში ვერ მოიგო და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუარესა.

ლევანს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 5 გოლის აქვს გატანილი.

0.117217