დორტმუნდში გუშინ მომხდარი ფაქტის გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. როგორც გერმანული პრესა იტყობინება, სამართალდამცავებმა აფეთქების ადგილზე წერილი აღმოაჩინეს, რომელიც იწყება სიტყვებით - “ალაჰის სახელით”. წერილში ნახსენებია გასული წლის 19 დეკემბერს ბერლინში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტი და აღნიშნულია, რომ გერმანული სამხედრო თვითმფრინავები ისლამური სახელმწიფოს წევრთა მკვლელობებში მონაწილებენ.
პოლიცია რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს და მათ შორის აფეთქებაში ისლამური სახელმწიფოს მონაწილეობასაც განიხილავს, თუმცა სამართალდამცავები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ნაპოვნი წერილი, შესაძლოა, კვალის არევის მცდელობა იყოს.
შეგახსენებთ, რომ 11 აპრილს, “ბორუსიასა” და “მონაკოს” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის წინ ავტობუსთან, რომლითაც დორტმუნდელი მოთამაშეები სტადიონისკენ გადაადგილდებოდნენ, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც “ბორუსიას” ფეხბურთელი მარკ ბარტრა დაზიანდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
მომხდარის გამო თამაში გადაიდო, “მონაკოს” ხელმძღვანელობა შეხვედრის გადატანას რამდენიმე დღით მოითხოვდა, თუმცა, უეფას გადაწყვეტილებით, მატჩი დღეს შედგება.