კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ნეიმარი ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ „ბარსას“ ბრაზილიელი ლიდერი 23 აპრილს, მადრიდის „რეალთან“ გასამართი ელ კლასიკო გაუცდება.
ნეიმარს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია წინა ტურში „მალაგასთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო მიესაჯა, ხოლო დანარჩენი ორი თამაშის გამოტოვება მსაჯის მიმართ გამოხატული პრეტენზიის, კერძოდ, ირონიული ტაშის გამო მოუწევს.
ბრაზილიელი თავდამსხმელი „ბარსელონას“ „სოსიედადთან“, „რეალთან“ და „ოსასუნასთან“ ვერ დაეხმარება. თავის მხრივ, „ბარსას“ სარჩელის შეტანის უფლება აქვს და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.